მთავარისაქართველოევროპული გზა - მთავრობის მეთაურების მიმართვა მოსახლეობას

ევროპული გზა – მთავრობის მეთაურების მიმართვა მოსახლეობას

საქართველოს ევროპული მომავალი აქვს და საქართველოს ადგილი არის ევროპული სახელმწიფოების გვერდით. ეს ქვეტექსტი გასდევდა ლაიტმოტივად, ქვეყნის პირველი პირების გამოსვლაში წარმოთქმულ სიტყვებს, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ღონისძიებაზე. იუნკერების მიერ დადებული სამხედრო ფიცის შემდეგ, პირველმა მოსახლეობასა და სტუმრებს, საქართველოს პრეზიდენტმა და ქვეყნის მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა.

პრეზიდენტმა აქცენტები ბოლო დროს განვითარებულ პროცესებზე გააკეთა. თქვა, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს დამოუკიდებლობის გამყარების, დემოკრატიის ჩამოყალიბებისა და ევროპულ ოჯახთან შეერთების გზა. თუმცა ეს, ამერიკისა და ევროპის მიმართ მეორე ფრონტის გახსნის დაბრალების ტაქტიკით ვერ მოხდება.

„დამოუკიდებლობა, რომელსაც დღეს ვზეიმობთ, სახელმწიფოსგან საკუთარი მოქალაქეების დაცვასაც გულისხმობს. დღეს, ამ საზოგადოებას გაუგებრობის და შეურაცხყოფის შერეული განცდაც დაეუფლა. ჩვენი ხალხისთვის გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების პატივზე და ღირსებაზე არ ფიქრობს. გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ჩვენ პოლიციას შეუძლებელ ამოცანას ვუსახავთ და გამოწვევის წინაშე ვაყენებთ. ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყანა რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები გააჩნია და მის ტერიტორიაზე რუსის ჯარია, განსაკუთრებულად უნდა იცავდეს სტაბილურობას. სწორედ, ამიტომ ხელისუფლებას ევალება, რომ არ დაუშვას ისეთი სიტუაციის წარმოქმნა, რომელსაც უთუოდ ვნებათაღელვა და ესკალაცია მოჰყვება. ხელისუფლებას ევალება პრევენცია და არა საკუთარი ხალხის მოთმინების გამოცდა. ხელისუფლებას ევალება ტერიტორიის დაცვა და საზღვრის მართვა. უნდა იცოდე ვინ შემოდის და ვინ გადის ქვეყნიდან, ძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები ქვეყანაში წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების გარანტირების მიღების გარეშე შემოსულიყვნენ. საქართველომ უნდა გააგრძელოს დამოუკიდებლობის გამყარების, დემოკრატიის ჩამოყალიბებისა და ევროპულ ოჯახთან შეერთების გზა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს, როგორც რეგიონული დონის მნიშვნელობის მქონე ქვეყანაზე გაამახვილა ყურადღება. ხაზგასმით თქვა, რომ ჩვენი ქვეყანა მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად რჩება რეგიონში. მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა საქართველო ელის ევროპისაგან წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას.

„საქართველო გმირების ქვეყანაა. ჩვენ ვახტანგ გორგასლის ქვეყანა ვართ, ჩვენ დავით აღმაშენებლის ქვეყანა ვართ, ჩვენ თამარ მეფის ქვეყანა ვართ, ჩვენ ვართ მეფე ერეკლეს ქვეყანა და სწორედ ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი აქვს თავისუფლებას. დღევანდელ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი ევროპისაგან ველით ერთადერთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას, საქართველოს საუკუნოვანი მისწრაფების, ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანი ძალისხმევის აღიარებას – ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას. ევროპის მხრიდან ჩვენი დამსახურების სამართლიანი აღიარება იქნება ისტორიული ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას, მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას, ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლას. თავისუფლების უპირველესი მტერია ომი. დღეს ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხი რუსეთის მიერ დაწყებულ სასტიკ ომში უზარმაზარ მსხვერპლს იღებს საკუთარი თავისუფლების დასაცავად. მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომას, ომის მალე დასრულებას, მშვიდობას, გამთლიანებას და თავისუფლებას ვუსურვებ“, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ღონისძიების პროტოკოლში მესამე იყო, ვინც სიტყვით ისარგებლა. შალვა პაპუაშვილმა ძირითადად ქვეყნის ევროპულ მომავალზე ისაუბრა და საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველო ევროპის გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება, მაგრამ ვერც ევროპა იქნება სრულყოფილი საქართველოს გარეშე. ამ ისტორიულ დღეს, მადლობას, აგრეთვე, ვუხდი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსა და მეგობრებს, რომელთა მხარდაჭერა და სოლიდარობა გვეხმარება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაში. უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე, უფრო და უფრო იზრდება მშვიდობის მნიშვნელობა. ამიტომაც, საქართველოს თავდაცვის ძალების როლი განუზომელია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. განსაკუთრებული იმედით მივმართავ ახალგაზრდებს, რომლებმაც დღეს ფიცი დადეს ღვთისა და ჩვენი დროშის წინაშე. მინდა გისურვოთ, რომ თქვენი სამშობლოსადმი სამსახური ყოფილიყოს მშვიდობიანი, მაგრამ გამარჯვებებით აღსავსე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლოს კი მოსახლეობას თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიმართა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასა და სამხედრო ძალების კიდევ უფრო გაძლიერებაზე აუცილებლობაზე ისაუბრა.

„1918 წელს მიღებული დამოუკიდებლობის დეკლარაცია და მასში მოცემული ძირითადი მიზანი დღესაც ჩვენი სახელმწიფოებრივი ყოფის ქვაკუთხედია – შევქმნათ კიდევ უფრო ძლიერი და ეფექტური დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტები, განვამტკიცოთ ქვეყნის უსაფრთხოება, მშვიდობა და უზრუნველვყოთ საზოგადოებისა და მოქალაქის განვითარების მყარი საფუძვლები. პარტნიორების მხარდაჭერით თავდაცვის ძალების საბრძოლი საშუალებების გაუმჯობესება მიმდინარეობს. ეროვნული სამხედრო მრეწველობა გავაძლიერეთ და კიდევ უფრო ვითარდება. ჩვენმა მთავრობამ პარლამენტთან აქტიური მუშაობით, სამხედრო მოსამსახურეების სოციალური უზრუნველყოფის გარანტიებისთვის და ახალი ინსტიტუციური რეფორმებისთვის მყარი საფუძველი შექმნა, რაც თავდაცვის ახალი კოდექსით იქნება დარეგულირებული. მინდა ჩვენი ქვეყნისა და განსაკუთრებით, თავდაცვის ძალების განვითარებაში წლების განმავლობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადავუხადო ნატო-სა და ევროკავშირის წევრ და პარტნიორ ქვეყნებს. ჩვენ ვაფასებთ თქვენს ურყევ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ბოლოს, კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ მშვიდობას და ქვეყნის გამთლიანებას“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ღონისძიების დასასრულს, წამყვანის მიერ გაისმა უკრაინის მხარდამჭერი განცხადება. უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები პოლიტიკოსებმაც გააკეთეს მოსახლეობისადმი მიმართვის დროს. ცერემონიას ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად, საქართველოში მყოფი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოს დამოუკიდებლობის 105 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend