საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში დღეს სპორტის სხვადასხვა სახეობის ეროვნული ნაკრების წევრ სპორტსმენთა წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ამ ადამიანებმა ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენთა კომისიის შემადგენლობის ცვლილებაში მიიღეს მონაწილეობა. მათ ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენთა კომისიის თავმჯდომარედ ორგზის მსოფლიო ჩემპიონი კარატეში, გოგიტა არქანია აირჩიეს. კომისიის ახალმა თავმჯდომარემ ის სპორტსმენები დაასახელა, რომლებიც მას ოლიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობაში დაეხმარებიან.
„დღეს ჩვენთან გაიმართა სპორტსმენთა კომისიის საროტაციო სხდომა. სპორტსმენებმა და მათ შორის ოლიმპიური გუნდის წევრებმა აირჩიეს სპორტსმენთა კომისიის თავმჯდომარე. ეს არის გოგიტა არქანია, ძალიან ცნობილი სპორტსმენი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და არაერთი ტიტულის მფლობელი და გამოცდილიც ამავდროულად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ამ კომისიამ თავისი ფუნქცია სათანადოდ შეასრულოს. ის იქნება შუამავალი რგოლი ოლიმპიურ კომიტეტსა და სპორტსმენებს შორის“, – განაცხადა ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, ელგუჯა ბერიშვილმა.
„რა თქმა უნდა, როცა გირჩევენ თანამდებობაზე, არის პირველ რიგში სასიამოვნო და ამავდროულად საპასუხისმგებლო, იმიტომ რომ ოლიმპიურ კომიტეტში აღმასკომის წევრად დანიშვნა, ეს არის უკვე ძალიან დიდი ამბავი. მადლობა მინდა ვუთხრა ოლიმპიურ კომიტეტს და ასევე სპორტსმენებს, რომლებმაც მხარი დამიჭირეს და ამირჩიეს. მე გპირდებით და ყველა სპორტსმენს ვპირდები, რომ ჩვენი კომისია დადგება იქ სადაც საჭირო იქნება, სპორტსმენების მხარეს და დავიცავთ მათ უფლებებს“, – ამბობს ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენთა ახლადარჩეული თავმჯდომარე გოგიტა არქანია.