უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი ევროპული ტურნე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრით დაასრულა. იგი პრემიერს მის ოფიციალურ რეზიდენციაში ესტუმრა.
ლონდონში, პარიზში, ბერლინსა და რომში ვიზიტით უკრაინის ლიდერი ცდილობს, კიევისთვის დამატებითი სამხედრო დახმარება მოიპოვოს.
მატარებლიდან გაკეთებული მიმართვის დროს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს იყო სამი მნიშვნელოვანი და დატვირთული დღე. მისი თქმით, მათი სახელმწიფო და მათი მეომრები კიდევ უფრო გაძლიერდებიან. იგი უკრაინაში ბრუნდება ახალი თავდაცვის პაკეტებით, რომლებიც მოიცავს ახალ და უფრო მძლავრ შეიარაღებას და ითვალისწინებს ხალხის დაცვასა და უფრო მეტ პოლიტიკურ მხარდაჭერას.
პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში და უკრაინას დამატებით შეიარაღებას გადასცემს. მისი თქმით, ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა, რომ უკრაინელებთან ერთად გაწვრთნან მათი სამხედროები და ბატალიონები, რომლებიც ჩართული იქნებიან კონტრშეტევასა და თავდაცვაში. ემანუელ მაკრონი დასძენს, რომ უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაზიანებული ტექნიკისა და ქვემეხების შეკეთება.
თეთრი სახლის უსაფრთხოების სპიკერი კი აცხადებს, რომ რუსეთი და ირანი აფართოებენ თავდაცვით პარტნიორობას. ირანი რჩება რუსეთის მთავარ სამხედრო მხარდამჭერად. როგორც ცნობილია, ირანი რუსეთს საარტილერიო და სატანკო ჭურვებს, ასევე სხვა სახის შეიარაღებას აწვდის.
ოკუპირებულ ყირიმში კი რუსეთი ქერჩის ხიდის გახსნის 5 წლისთავს აღნიშნავს, ხიდი ყირიმის ნახევარკუნძულს რუსეთთან აკავშირებს. გასულ წელს ის ბომბის აფეთქების შედეგად დაზიანდა.
ხიდს მოსკოვისთვის სიმბოლური მნიშვნელობა აქვს იმის დასამტკიცებლად, რომ ამ ტერიტორიებსაც თავად აკონტროლებს.