მსოფლიოს მასშტაბით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მკვეთრად არის გაზრდილი სიკვდილით დასჯის შემთხვევები. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალის“ ინფორმაციით, გასულ წელს მსოფლიოს 20 ქვეყანაში ჯამში 883 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, რაც 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით 53 პროცენტით მეტია.
სიკვდილით დასჯის მხრივ მოწინავე ხუთეულში არიან: შეერთებული შტატები 18 შემთხვევით, ეგვიპტე 24, შემდეგ მოდის საუდის არაბეთი 196 შემთხვევით, შემდეგ ირანი 576-ზე მეტი შემთხვევით. ბოლოს კი ჩინეთია, სადაც ათასობით ადამიანს სჯიან სიკვდილით.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ იზრდება არა მარტო სიკვდილით დასჯის შემთხვევები, არამედ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთაც ასეთი სასჯელი აღადგინეს.
ეს ქვეყნებია: ავღანეთი, ქუვეითი, მიანმარი, პალესტინა და სინგაპური
სიკვდილით დასჯის შემთხვევების 40 პროცენტი ნარკოტიკებს უკავშირდება. თუმცა ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად, ყაზახეთმა და სიერა-ლეონემ, გააუქმა ასეთი სასჯელი.
უფლებადამცველი ორგანიზაცია გაეროს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, მორატორიუმი გამოაცხადონ სიკვდილით დასჯაზე. მათ იმედი აქვთ, რომ ასეთი სახის სასჯელი საბოლოო ჯამში წარსულს ჩაბარდება.