„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილება უნდა შევიდეს. ინიციატივა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ეკუთვნის იურიდიული კომიტეტიდან. ამ ინიციატივას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მხარდაჭერაც აქვს.
პაკეტის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა ეტაპობრივად განახლდება, რაც წევრების მიუკერძოებლობის დადგენისთვის მნიშვნელოვანია;
მარტივდება სასამართლოდან ამა თუ იმ გამოტანილ განაჩენზე გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის წესები;
იცვლება რაიონული ან სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა არჩევა-დანიშვნის წესები;
„ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ ცვლილების მიღების შემდეგ, სასამართლო და მისი მმართველი სისტემა იუსტიციის საბჭოს სახით უფრო დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გახდება. მმართველი პარტიის წევრების თქმით, ცვლილებათა ეს პაკეტი რევოლუციურია.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები, რომელსაც დღეს ვიღებთ, ეს არის მართლაც რევოლუციური და თამამად შეგვიძლია ეს ვთქვათ, რადგან ბევრი წამყვანი ევროპული ქვეყნის სასამართლოებთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ვერ ნახავთ იმდაგვარ სტანდარტს, რაც შემოგვაქვს ჩვენ. როცა ვინმე ტალახს ისვრის, დააკონკრეტებინეთ, რას გულისხმობს რევოლუციური და ფუნდამენტური ცვლილებები. მათ არ აქვთ ხედვა, კომპეტენცია და საკმარისი არგუმენტები. ჩვენ მივყვებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ის სრულად იქნება ასახული. თუ ვინმე იტყვის, რომ ეს ცვლილებები არ არის ფუნდამენტური, ის ან ვერ ერკვევა საკითხში ან პოლიტიკურად ძალიან ანგაჟირებულია”, – განაცხადა დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მეტ-ნაკლებად დადებითად აფასებენ ამ ცვლილებებს. თუმცა ამბობენ, რომ ისეთი საკითხებია მოცემული, რაც სასამართლოში ფუნდამენტურ პრობლემებს არ აგვარებს და მხოლოდ ზედაპირული ხარვეზების გასწორებას ისახავს მიზნად. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტების აზრით, სასამართლოში მთავარი პრობლემა ე.წ. „კლანის მმართველობაა“ და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, სწორედ ძირეული რეფორმისთვის იყო შემუშავებული.
„ვენეციის კომისიის იმ 4 დასკვნაში, რომელიც ჩამოსულია, დეტალურად და გასაგებადაა საუბარი, რა არის საჭირო ევრორეკომენდაციების შესასრულებლად. მაგალითისთვის, კორპორატივიზმი ანუ კლანური მმართველობა იუსტიციის საბჭოში, რომლის გამოც მმართველმა ძალამ მოახერხა, რომ სასამართლო სისტემის წამყვანი თანამდებობის პირები არიან დასანქცირებული. ამაზე რეაგირება არ უნდა მოახდინონ? რა საკანონმდებლო ცვლილებებზეა საუბარი, თუ მთავარ პრობლემას – კორპორატივიზმს, კლანურობას არ უპასუხებ საკანონმდებლო ცვლილებებით? თუ უნდათ რეალური რეფორმა, მაგიდაზე დევს კონკრეტული პუნქტები, მათ შორის ჩვენს მიერ მომზადებული კონკრეტული ფორმულირებით, თუ როგორ უნდა გადაიჭრას საკანონმდებლო დონეზე არსებული პრობლემა.
ძალიან ბევრი გამოწვევა არის სასამართლოში და თუ მათი დაძლევის სურვილი არსებობს, ეს უნდა აჩვენონ საკანონმდებლო ცვლილებებით. თუ ასეთი სურვილი არ არსებობს, მაშინ თქვან და აიღონ პასუხისმგებლობა, რომ აგდებენ კანდიდატის სტატუსს,“ – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.
პროცესს აკვირდება და განხილვებში აქტიურ მონაწილეობას იღებს სამოქალაქო სექტორი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი ნანუკა ყრუაშვილი ამბობს, რომ ის რაც რეალურად მნიშვნელოვანი იყო, მმართველ პარტიას წარმოდგენილ პაკეტში შეტანილი არ აქვს და როგორც განხილვის პირველივე დღეს უთხრეს, არც აპირებს.
„ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ცალკეული საკითხები, ამ ცვლილებათა პაკეტში ნამდვილად არის ასახული და მართლაც მცირედით გააუმჯობესებს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას. ის გახდება შედარებით იმაზე უფრო უკეთესი, ვიდრე აქამდე იყო. ზოგადად, ეს კანონპროექტი არ ასახავს იმ ძირითადი გამოწვევების მოგვარებას, მაგალითად, რაც უკავშირდება „კლანურ მმართველობას“. რაც რეალურად არის სასამართლოს სისტემური პრობლემა. უკვე თქვეს კიდეც, რას გაითვალისწინებენ ჩვენგან მიცემული რეკომენდაციებიდან და რას არა. ამიტომ, ჩნდება ვარაუდი რომ პროცესი არ იქნება კონსენსუსზე დაფუძნებული თანამშრომლობა. თუმცა, ჩვენ მაინც ვეცდებით“, – განაცხადა ნანუკა ყრუაშვილმა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილების შესახებ, პუნქტობრივ განხილვას ევრორეკომენდაციების შესრულებისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, პარლამენტში 16 მაისს გეგმავენ. ამის შემდეგ კი, იურიდიული კომიტეტის გადაწყვეტილებით, პროექტის მეორე მოსმენით განხილვა დაახლოებით ორი კვირის შემდეგ გაგრძელდება. უკვე ცნობილია, რომ დაუჭერს თუ არა ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი მხარს საბოლოო ვერსიას, მმართველი პარტია მას მაინც მიიღებს.
ალეკო გვეტაძე