პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით განიხილა და მას მხარი დაუჭირა.
ინიციატორების შეფასებით, მთავარი მიზანი ადმინისტრაციის გაძლიერებაა, რათა არც ერთ ძალას პოლიტიკური საბოტაჟის შესაძლებლობა არ მიეცეს.
მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ცეკოსთან დაკავშირებული ცვლილებები კონსტიტუციასთან სრულ შესაბამისობაშია და პირდაპირ პასუხობს 12-პუნქტიანი გეგმის მეორე პუნქტს.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ეს კანონპროექტი არ ასრულებს 12 პუნქტის მნიშვნელოვან პრინციპებს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, „ქართულ ოცნებას“ სჭირდება ცესკოს თავმჯდომარე და წევრები სრულად კონტროლირებადი და მართვადი.
მესამე სექტორში აცხადებენ, რომ არსებული კანონმდებლობის გაუარესება ხდება და ნაცვლად იმისა, რომ დამოუკიდებლობა გაიზარდოს და მრავალპარტიულად მოხდეს არჩევა, ამის შესაძლებლობა ერთ პარტიას ექნება.
დაგეგმილი ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.
ასევე იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი – თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ანუ 76 ხმით მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ.
მოქმედი კანონმდებლობით კი, ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები პარლამენტს ასარჩევად პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს.
ცესკოს თავმჯდომარის და წევრების ასარჩევად პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა თავდაპირველად 2/3-იანი კვორუმით ტარდება. იმ შემთხვევაში, თუკი ცესკოს თავმჯდომარის 2/3-ით არჩევა ვერ ხდება, კენჭი მათ სრული შემადგენლობის უმრავლესობით ეყრება. ცესკოს დაკომპლექტების მოქმედი მოდელი შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია.
ანა ალელიშვილი