მთავარისაქართველორუსული ავიაკომპანიები საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყებას მომდევნო კვირიდან შეძლებენ

რუსული ავიაკომპანიები საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყებას მომდევნო კვირიდან შეძლებენ

რუსული ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყებას მომდევნო კვირიდან შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტოები ავრცელებენ. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ფრენების აღდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის პოლიტიკის გაგრძელებაა – მოიპოვოს გავლენები და ქვეყნის ევროპული არჩევანისთვის პრობლემების შესაქმენლად რბილი ძალა გამოიყენოს.

„ის, რაც გუშინ გააკეთა პუტინმა არ დადის მხოლოდ ვიზამდე და ფრენებამდე, ეს არის საქართველოს როგორც რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი ქვეყნის და რუსეთის გავლენის სფეროდ მონიშვნა. ეს არის მკაფიო გზავნილი დასავლეთისთვის, ცივილიზებული სამყაროსთვის, რომელიც უპირისპირდება რუსეთს როგორც აგრესორს და გენოციდის ჩამდენს. რუსეთსა და ცივილიზებულ სამყაროს შორის ღირებულებითი ზღვრის რომელ მხარეს არის საქართველო, ამასთან დაკავშირებით არის გაკეთებული განაცხადი. „ესენი ჩვენები არიან, ჩვენი გავლენის სფეროა, ჩვენს მიმართ მეგობრულად განწყობილები არიან“ – ამის დემონსტრირება უნდა რუსეთს მაშინ, როცა ყველა ვხედავთ, რომ შემობრუნების წერტილი აღარ არის და რუსეთი აღიარებულია გენოციდის ჩამდენ სახელმწიფოდ ევროსაბჭოს მიერ, ჰააგაში მიმდინარეობს გამოძიება და მთელი ცივილიზებული მსოფლიო, მათ შორის, ქვეყნები, რომლებიც ბალანსირების და სიფრთხილის პოლიტიკას იკავებდნენ წლების განმავლობაში, დღეს ძალიან ცხადად და ნათლად დგანან იქ, სადაც არის უკრაინა და გადის ამ ბრძოლის ხაზი“, – განაცხადა „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.

„უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან მყისიერად გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ თუ ხელისუფლება პირდაპირ ფრენებს დაუშვებს, საუბარი იქნება სანქციებზეც“, – თქვა „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა, ხათუნა სამნიძემ.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ რუსეთმა 2019 წელს, როგორ ცალმხრივადაც მიიღო ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება, მათი აღდგენის შესახებ გადაწყვეტილებაც ასევე ცალმხრივად აქვს მიღებული. ეს კი, მათი შეფასებით, კარგია საქართველოს მოსახლეობისთვის ინტერესების უკეთ რეალიზების თვალსაზრისით.

„რაც შეეხება ფრენებს, არაერთი ქვეყანაა, სადაც არის ფრენები. მათ აქვთ პარტნიორობა დასავლეთთან, თუმცა აქვთ ფრენები რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის, არის ისრაელი, რომელიც არის აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი და აქვს პირდაპირი ფრენები რუსეთთან, ასევე არის თურქეთი, რომელიც არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და ნატო-ს წევრი ქვეყანა და იქაც ხორციელდება ფრენები, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთშიც არის ფრენები. მთლიანობაში ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სპეკულაციებშიც არ არსებობს არავითარი საფუძველი. ისე ცდილობს ოპოზიცია წარმოაჩინოს ეს ყველაფერი, თითქოს პირდაპირი ფრენების ცალმხრივად აღდგენა რუსეთის მხრიდან, ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას. ასეთი სპეკულაციებიც კი გვესმის პირდაპირი თუ ირიბი ფორმით. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცემული განკარგულებით, 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმი უქმდება. საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას 90 დღემდე ვადით უვიზოდ შეძლებენ. ამასთან, 15 მაისიდან ასევე იხსნება საქართველოში ფრენებზე დაწესებული აკრძალვაც. ვლადიმერ პუტინის ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო პარტნიორებიც გამოეხმაურნენ. სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა თბილისი შესაძლო სანქციების შესახებ. საქართველოში აშშ-ის ელჩმა კი თქვა, რომ ქართველებზე ზრუნვის შემთხვევაში, მოსკოვმა საქართველოს ტერიტორიიდან საკუთარი ჯარები უნდა გაიყვანოს.

„ეს აჩენს კითხვას, რატომ აკეთებს პუტინი ამას საქართველოსთვის ახლა, დარწმუნებული ვარ, არავის სჯერა, რომ ის ზრუნავს ქართველი მგზავრების კომფორტზე. ჩვენ ვნახეთ, რომ ზოგჯერ პუტინი იყენებს ქვეყანაში რუსების ყოფნას ამ ქვეყანაში ჩარევისთვის. ვფიქრობ, უკვე ბევრი ქართველია შეშფოთებული საქართველოში ასობით ათასი რუსის ყოფნით, რომლებიც გასულ წელს ჩამოვიდნენ. ახლა ჩვენ გვესმის რუსეთის ტურიზმის სააგენტოსგან, რომ შესაძლოა, კიდევ მილიონი ჩამოვიდეს პირდაპირი ფრენების გახსნის შედეგად. ვფიქრობ, ბატონ პუტინს რომ სურდეს, აჩვენოს, რომ ზრუნავს საქართველოზე, ის გაიყვანდა რუსეთის ჯარებს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულებდა 2008 ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, გააუქმებდა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებას. ეს იქნებოდა ნიშნები, რომელსაც ქართველები დააფასებდნენ“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, რუსეთიდან საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის გავლით თუ ლარსის სახმელეთო საზღვრის გადაკვეთით მილიონ-ნახევარზე მეტი პირი შემოვიდა. ჯერ კიდევ უცნობია, რუსეთის რამდენი მოქალაქე იმყოფება თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. თუმცა, ბევრი შიშობს, რომ თუ მომდევნო კვირიდან ფრენები მართლაც აღდგება, მათი რაოდენობა შესაძლოა, საგრძნობლად გაიზარდოს.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend