მთავარისაქართველორა გაძვირდა და რა გაიაფდა საქართველოში

რა გაძვირდა და რა გაიაფდა საქართველოში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აპრილის მონაცემებით, შემცირებული ინფლაციის გამო, რიგი პროდუქტები გაიაფდა. მაგალითად, ძირითადი მოხმარების სურსათსა და პურ-პროდუქტებზე ფასმა 2,1%-ით დაიკლო.

ბოლო წლებში, ფასების მკვეთრი ზრდის ტენდენციის ფონზე, ეკონომიკის სპეციალისტები და სხვადასხვა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელები, ამას იმით ხსნიან, რომ ახლა საქართველო იმპორტის მხრივ რუსეთზე უფრო მეტადაა დამოკიდებული.

იმის გამო, რომ რუსულ საექსპორტო პროდუქციას სანქცია ადევს, რუსეთი ყველაფერს აიაფებს და მათ შორის საქართველოში დაბალ ფასში შემოაქვთ დისტრიბუტორ კომპანიებს.

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია ამბობს, რომ ყველა პირველადი მოხმარების საკვები თუ ჰიგიენური პროდუქტი სწორედ რუსეთიდან შემოაქვთ.

მისივე განცხადებით, ეს სახელმწიფო პოლიტიკის შედეგიც არის, რადგან მთავრობა ბიზნესს სარეალიზაციო ფასების დაკლებას სთხოვს, იაფი პროდუქცია კი ყველაზე ახლოს რუსეთიდან შემოდის.

“რაც შეეხება რუსეთზე დამოკიდებულებას, სამწუხაროდ კვლავ მაღალი არის, როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის ნაწილში. განსაკუთრებით რა თქმა უნდა იმპორტის ნაწილში. რუსული ფქვილი კოლოსალურად არის გაიაფებული, რაც ქართველი ფერმერებისთვის მძიმე გამოწვევაა. ბრინჯი, წიწიბურა და სხვადასხვა ბურღულეული ძირითადად რუსეთიდან შემოდის. მაგალითად, უკრაინამ როგორც კი შეძლო თავისი მზესუმზირის ზეთის ექსპორტი, რუსეთმა დაუყოვნებლივ მოხსნა ფიქსირებული ფასი და ზეთიც სწრაფად გაიაფდა. უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო დასტაბილურებას ველოდებით და შეიძლება რიგი პროდუქტების კიდევ უფრო გაიაფებას“, – განაცხადა ივა ჭყონიამ.

მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნავთობკომპანიებს იაფი საწვავის შემოტანა მოსთხოვა, კომპანიებმა უფრო მეტად დაიწყეს ნავთობპროდუქტების რუსეთის ფედერაციიდან შემოტანა, რამაც მომენტალური ასახვა ჰპოვა ავტოგასამართ სადგურებზე. ფაქტობრივად ყველა ტიპის საწვავზე, დიზელის გარდა ახლა ფასები განახევრებულია.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ ბიზნესი დაინტერესებულია მოსახლეობას იაფად მიაწოდოს საწვავი. ასეთი საწვავის მომწოდებლად კი ყველაზე ახლოს ჩვენს ქვეყანასთან რუსეთის ფედერაციაა, რომელიც სანქციებისა და სხვადასხვა შეზღუდვების გამო, სხვა ქვეყნებში ვერ ახერხებს რეალიზაციას და ფასსაც ამიტომ უკლებს.

დისტრიბუტორთა ასოციაციის მსგავსად, ნავთობიმპორტიორთა კავშირშიც ახლო მომავალში, ფასების სტაბილურობასა და შესაძლო კიდევ უფრო გაიაფებას პროგნოზირებენ.

„დავიწყეთ რუსეთიდან საწვავის შემოტანა. თავდაპირველად ეს იყო ბენზინის ტიპის საწვავი. არაბრენდირებული იქნება ეს თუ ბრენდირებული კომპანია, ყველა ცდილობს მოსახლეობას იაფად მიაწოდოს საწვავი. რუსეთს ძალიან დიდი ვალი აქვს  ჩვენი ქვეყნის და კიდევ უფრო იაფადაც უნდა მოგვაწოდოს არამხოლოდ საწვავი, არამედ ბევრი სხვა რამეც. ჯერჯერობით ამ ტენდენციას მივყვებით, რაც გვაწყობს კიდეც. ახლო მომავალში ველოდებით რომ აზერბაიჯანიდან შემოვა „ევრო 5“ ტიპის საწვავი, რადგან ბაქომ განაახლა ნავთობგადამამუშავბელი ქარხნები და გაათანამედროვა საწვავის ხარისხიც“, – განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.

რუსეთზე სრულად ვართ დამოკიდებული ხორბლისა და ფქვილის იმპორტის მხრივ. წინა წლებისაგნ განსხვავებით, ახლა საქართველო სრულად რუსულ პურზეა დამოკიდებული. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა ამბობს, რომ პურზე ფასის კლება, რუსეთიდან იაფად შეძენილი ხორბლისა და ფქვილის გამო მოხდა. მისივე თქმით, ახლო მომავალში საცალო პურზე სტაბილური ფასის შენარჩუნებას ან უფრო გაიაფებას ელიან.

„რა თქმა უნდა ფასის ცვლილებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს რუსეთიდან მოწოდებული ხორბალი და ფქვილი. სხვა პროდუქციაც ფაქტობრივად. ბოლო პერიოდში რუსული ფქვილის ფასი საკმაოდ დაკლებულია და საქართველოში პურის გაიაფება ამანაც გამოიწვია. რუსეთში შარშან იყო დიდი მოსავალი და რადგანაც მათ სანქციები ადევთ და ვერ ყიდიან, ამიტომაც გაიფდა ფასი. წელსაც კარგი პროგნოზებია. როგორადაც არ უნდა გვინდოდეს, იმ ფაქტს ვერ გავექცევით, რომ რუსეთი ჩვენი გეოგრაფიული მეზობელია და ლოგისტიკური ჯაჭვი ახლოა, სწრაფია და იაფიც. ჩვენ ახლო მომავალში ამ ფასების არათუ სტაბილურად შენარჩუნებას, არამედ შემცირებასაც ველით“, – აცხადებს ლევან სილაგავა.

რაც შეეხება გაძვირებას. ფასების მატება შეინიშნება ევროპიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოტანილ პროდუქციაზე. ასევე ავტომობილებსა და საცხოვრებელ სახლებზე. ხოლო ყველაფერი დანარჩენი, რაც რუსეთიდან შემოდის იაფდება და ეკონომისტების თქმით, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულებაც იზრდება და მყარდება.

ალეკო გვეტაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend