საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ვეტოს დაადებს. საუბარია „ქართული ოცნების“ ახალ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე შეარჩევს.
განცხადების მიხედვით, პრეზიდენტი კანდიდატურების შერჩევისას ხელმძღვანელობს მათი დამოუკიდებლობის ხარისხითა და მიუკერძოებლობით და ეჭვქვეშ არ აყენებს მათ კვალიფიკაციას.
„უკვე მესამედ, მმართველი უმრავლესობა ცვლის კანონებს იმ მიზეზით, რომ პრეზიდენტმა არ წარადგინა მათთვის სასურველი კანდიდატები კონკრეტულ თანამდებობებზე. ესენია: ელჩები, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები, ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები. სამივე შემთხვევაში პრეზიდენტის პრინციპული პოზიცია გამომდინარეობს სახელმწიფო და არა პირადი ინტერესებიდან. პრეზიდენტი, კანდიდატურების შერჩევისას, ხელმძღვანელობს მათი დამოუკიდებლობის ხარისხითა და მიუკერძოებლობით. პრეზიდენტი ეჭვქვეშ არ აყენებს მათ კვალიფიკაციას, მაგრამ პრინციპულად მიაჩნია, რომ ასეთ თანამდებობებზე ერთპარტიული დანიშვნები ეწინააღმდეგება სახელმწიფოებრიობას და ევროპულ მომავალს. ამდენად, ამ კანონსაც პრეზიდენტი ვეტოს დაადებს”, – წერია განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნების” მიერ ცესკო-სთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებები ნათლად აჩვენებს, რომ ხელისუფლება, რომლის მიმართ ნდობა დღესვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, უკვე ემზადება 2024 წლის არჩევნების გასაყალბებლად.
“ქართულმა ოცნებამ” 8 მაისს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარადგინა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსსა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. შემოთავაზებული ცვლილებებით, მცირდება ცესკოს ე.წ. პროფესიული წევრების სრული ვადით – 5 წლით – ასარჩევად დადგენილი კვორუმი. „ქართლი ოცნების“ ინიციატივის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარე და პროფესიული ნიშნით არჩეული წევრები 5 წლის ვადით არა პარლამენტის 100-მა დეპუტატმა, არამედ 76-მა დეპუტატმა უნდა აირჩიოს.
კანონპროექტით იცვლება და იზღუდება პრეზიდენტის როლი ცესკოს დაკომპლექტების პროცესში – მის ნაცვლად საკონკურსო კომისიას შექმნის და შემდეგ კანდიდატებს საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარე.
ანა ალელიშვილი