ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჟურნალისტის ელიზაბეტ ჯინ კეროლის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. ბრალდების თანახმად, ინციდენტი 1996 წელს მოხდა.
სასამართლომ გაუპატიურების ბრალდება არ დაამტკიცა, თუმცა ყოფილ პრეზიდენტს სექსუალური შევიწროების გამო ჟურნალისტისთვის 5 მილიონი დოლარის ზიანის ანაზღაურების გადახდა დაეკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილება კი ტრამპის საპრეზიდენტო შანსებს ამცირებს.
ტრამპმა სოციალურ მედიაში განაჩენს სამარცხვინო უწოდა და განაცხადა, რომ დაზარალებულს არ იცნობს. მისი ადვოკატები კი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ.
„უცნაური განაჩენია. თავიდან გაუპატიურების ბრალდება იყო და საქმეც ამ კუთხით მიმდინარეობდა. ნაფიცმა მსაჯულებმა ეს ბრალდება უარყვეს, თუმცა შემდგომ ასეთი დასკვნა გამოიტანეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ. დაზარალებული ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ეს იყო გაუპატიურების შემთხვევა, რასაც ნაფიცი მსაჯულები არ დაეთანხმნენ. ასე რომ, საბოლოო განაჩენი ცოტა დამაბნეველია,” – განაცხადა დონალდ ტრამპის ადვოკატმა ჯო ტაკოპინა.
რადგან სასამართლო პროცესი სამოქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა და არა სისხლის სამართლის სასამართლოში, სექსუალურ დამნაშავედ დარეგისტრირება არ მოეთხოვება. ტრამპის წინააღმდეგ კი კიდევ ორი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მას პორნოვარსკვლავისთვის დუმილის სანაცვლოდ ფულის გადახდა ედება ბრალად. ასევე საქმეა აღძრული კაპიტოლიუმზე თავდასხმაში მისი მონაწილეობის დასადგენად. ყოფილი პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს.