გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინეთს მოუწოდა, რომ, როგორც გაეროს სრულუფლებიანმა წევრმა, აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად.
ანალენა ბერბოკი ერთი თვის განმავლობაში უკვე მეორეჯერ შეხვდა ჩინელ კოლეგას. ცინ განმა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა, თუმცა გერმანელმა დიმპლომატმა შეახსენა, რომ არ შეიძლება ორივე მხარეს ერთნაირად მოექცეს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი მიიჩნევს, რომ, როდესაც საქმე სიმართლესა და არასწორ საქციელს, აგრესორსა და მსხვერპლს ეხება, ნეიტრალური დამოკიდებულება აგრესორის მხარდაჭერას ნიშნავს.
განმა ჩინეთის პოზიცია დაიცვა და განაცხადა, რომ ჩინეთი მშვიდობას და მოლაპარაკებებს უჭერს მხარს, თუმცა, ამავდროულად, დასძინა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი რთული კონფლიქტია და მისი გაანალიზება არა ემოციებით, არამედ ცივი გონებითაა საჭირო.
ბერბოკმა ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ევროკავშირი ამზადებს ზომებს. ის ცდილობს, სამოქალაქო და სამხედრო საქონელი არ აღმოჩნდეს იმათ ხელში, ვინც მას არასასურველი მიზნით გამოიყენებს. ბერბოკმა ასევე დასძინა, რომ ის არ არის მიმართული კონკრეტული ქვეყნის წინააღმდეგ.
ცინ განმა კი განაცხადა, რომ ჩინეთი შესაბამის ნაბიჯს გადადგამს იმ სანქციების საპასუხოდ, რომლებიც მიმართული იქნება იმ ჩინური კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც აგრძელებენ ვაჭრობას რუსეთთან. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ჩინურ და რუსულ კომპანიებს შორის ნორმალური ურთიერთობა და თანამშრომლობაა და ამაზე არ უნდა იმოქმედოს ევროკავშირის სანქციებმა.
მან ასევე ისაუბრა ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის დიპლომატიურ ძალისხმევაზე და განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიესალმება ჩინური მხარის მოწოდებას მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და რომ რუსული მხარე მზადაა ამ შესაძლებლობის მისაღებად.