შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია გუშინ ბუჩაში ვიზიტით ჩავიდა, სადაც პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას. დელაგაციის წევრებს შორის იყვნენ შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავჯდომარე ედისონ ვილსონი, ჰელსინკის კომისიაში დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი სტივ კოენი და ეუთოში შეერთებული შტატების ელჩი მაიკლ კარპენტერი . მათ ბუჩაში წმინდა ანდრიას ეკლესიის ეზო მოინახულეს სადაც რუსული ძალების უკან დახევის შემდეგ საერთო სამარხი აღმოაჩინეს.
ეუთოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, მაიკლ კარპენტერი ამბობს, რომ მათთვის, როგორც ორპარტიული დელეგაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე მივიდნენ, და საკუთარი თვალით იხილონ ის საშინელება, რაც ჩაიდინეს რუსეთის ძალებმა, უკრაინის მიწაზე. მაიკლ კარპენტერი აღნიშნავს, რომ ეუთოს მოსკოვის მექანიზმმა ახლახან გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც საბოლოოდ ნათქვამია, რომ ის, რაც მოხდა და რაც ახლა ხდება უკრაინელ ბავშვებთან დაკავშირებით, რომლებიც იძულებით არიან დეპორტირებული რუსეთის კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიებზე ან რუსეთის ფედერაციაში, ეს არის ჟენევის კონვენციის დარღვევა და სავარაუდოდ, დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ.
დელეგაცია ასევე შეხვდა გარდაცვლილთა ახლობლებს და ეკლესიის შეგნით არსებული ფოტოგამოფენა დაათვალიერეს.