სუდანის დედაქალაქში გრძელდება შეტაკებები, მიუხედავად იმისა, რომ ძალაში უნდა შესულიყო ახალი შეთანხმება, რომელიც 7 დღით ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებდა. გაეროს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა სურს, რათა ადგილზე ჩარჩენილ მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდოს.
ნაირობიში ვიზიტისას გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარეებს, სუდანელი ხალხის ინტერესები დაეყენებინათ წინ. ეს კი ნიშნავს მშვიდობის დამყარებასა და სამოქალაქო მმართველობის დაბრუნებას, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის განვითარების საშუალებას იძლევა.
ახლა კი ხარტუმში არეულობაა, დარფურის რეგიონი კვლავ ცეცხლშია გახვეული. ანტონიუ გუტერეშის თქმით, გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ დაადასტურა, რომ ქვეყანა უკვე დატოვა 100 000-მა მოქალაქემ. ვარაუდობენ, რომ მომავალ დღეებსა და კვირებში კიდევ 800 000 პირი შეემატება მათ რიცხვს. ანტონიუ გუეტერში მოუწოდებს მხარეებს, ახლავე შეწყვიტონ ცეცხლი.
გასულ თვეს დაწყებულ არეულობას 550-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 5000-ამდე კი დაიჭრა. ათიათასობით სუდანელი მეზობელ ქვეყნებში გაიქცა. სხვადასხვა ქვეყანამ თავისი მოქალაქეები უკვე გაიყვანა სუდანიდან.
ორივე მხარის მიერ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის ვალდებულებების შეუსრულებლობამ საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია.
ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფათაჰ ალ-სისიმ განაცხადა, რომ მიმდინარე კონლიქტი მთელ რეგიონზე ახდენს გავლენას.