აზიისა და ევროპის გზაგასაყარზე მდებარე მომაჯადოებელი ქალაქი სტამბოლი უამრავ სანახაობას სთავაზობს ხელოვნების, მუსიკისა და კულტურის მოყვარულთ. ამ მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობით ცნობილ ქალაქში თანამედროვე და ანტიკური სამყარო ერთმანეთს ერწყმის.
აია-სოფია: მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდებული არქიტექტურული ძეგლი
თუ გსურთ სტამბოლის მდიდარ ისტორიულ მემკვიდრეობას გაეცნოთ, ვერაფერი შეედრება აია-სოფიას – ღვთის სადიდებელად აღმართულ მსოფლიო არქტიტექტურის ერთ-ერთ შედევრს. ~
აია-სოფია მეექვსე საუკუნეში ააგეს, როგორც ქრისტიანული ტაძარი და მას „წმინდა სიბრძნის ეკლესია“ უწოდეს. ეს შენობა ბიზანტიური ხელოვნების ერთ-ერთი შესანიშნავი ნიმუშია. მოგვიანებით ტაძარი ისლამურ მეჩეთად გადააკეთეს, შემდეგ მუზეუმად, დღეს კი აქ ისევ მეჩეთია. შენობის შიგნით მნახველს ატყვევებს უზარმაზარი გუმბათი, ოქროს მოზაიკები და 140 მონოლითური მარმარილოს სვეტი, რომლებიც ეგვიპტიდან, ეფესოდან და მსოფლიოს სხვა კუთხეებიდან ჩამოიტანეს. აია-სოფია ის ძეგლია, რომელსაც სტამბოლში ჩამოსული ტურისტი გვერდს ვერ აუვლის. ტურისტი კი ყოველ წელს მილიონობით ჩამოდის.
“ჩვენ ახლო აღმოსავლეთში ვმოგზაურობთ და აქ, სტამბოლში, აია-სოფიას სანახავად ჩამოვედით, ის უბრალოდ დიდებულია,“ – ფლორენსია ლემანი, არგენტინელი ტურისტი. „ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვნახეთ.“
“აია-სოფია მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული ძეგლია,“ – ჯესიკა გუნდენი, სამხრეთაფრიკელი ტურისტი. „გვითხრეს, რომ საოცარი არქიტექტურა აქვს და არც გაგვცრუებია მოლოდინი. დახვეწილი დეტალები, ჩუქურთმები, სვეტები – უბრალოდ დიდებულია.“
სტამბოლის არქეოლოგიური მუზეუმები
აია-სოფიადან სულ რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით მდებარეობს ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული კომპლექსი: არქეოლოგიური მუზეუმები.
ეს მუზეუმების კომპლექსი სამ ნაწილად იყოფა და მის საგამოფენო დარბაზებში გამოფენილია 500 ათასი არტეფაქტი, რომლებიც მსოფლიო ისტორიის ყველა ეპოქას, კულტურასა და ცივილიზაციას წარმოადგენს.
არქეოლოგიურ განყოფილებაში ელინისტური პერიოდისა და ძველი რომის დროინდელ უამრავ არტეფაქტს იხილავთ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა აუაროთ გვერდი სახელგანთქმულ სიდონის სარკოფაგს.
“ამ სარკოფაგს ალექსანდრეს სარკოფაგს უწოდებენ, რადგან მასზე ამოკვეთილია ალექსანდრე დიდის ბარელიეფები, რომლებსაც მარცხნივ ვხედავთ,“ – ამბობს რაჰმი ასალი, სტამბოლის არქეოლოგიური მუზეუმების დირექტორი. „ამიტომ მიმაჩნია, რომ მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი და დახვეწილი სარკოფაგის წინ ვდგავართ“.
მსოფლიოს ყველაზე ადრინდელი სასიყვარულო ლექსი
აქ ყველაფერია წარმოდგენილი: სარკოფაგი, ქანდაკებები, მუმიები, თიხის ფირფიტები. ზოგიერთი მათგანი კაცობრიობის ისტორიის გარდამტეხ მომენტებს ასახავს. თუ თავგადაკლული რომანტიკოსი ხარ, ნუ გამოტოვებ მსოფლიოს ყველაზე ადრეულ სასიყვარულო პოემას, რომელიც შუმერულ ეპოქაში შეიქმნა და ნაყოფიერების წმინდა რიტუალების დროს გამოიყენებოდა.
“ეს ფირფიტა, რომელიც ნიფურში იპოვეს, ქრისტესშობამდე 21-ე საუკუნეშია შექმნილი, დაახლოებით 2030 წელს. პოემა ხოტბას ასხამს მეფე შუ-სუენს და ის მეფის საყვარელმა ქალმა დაწერა ქრისტესშობადე 21-ე საუკუნის დასაწყისში,“ – ამბობს რაჰმი ასალი, სტამბოლის არქეოლოგიური მუზეუმების დირექტორი.
კულტურის ჰაბი
სტამბოლი ის კულტურული ჰაბია, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს, წარსულსა და თანამედროვეობას აკავშირებს ერთმანეთთან. ამ მაგრამ ქალაქში არის ერთი ადგილი, რომელიც კულტურის მოყვარულთ ერთ ჭერქვეშ უყრის თავს. ათათურქის კულტურის ცენტრი, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლების კულტურის კლასიკური ნიმუშია, 1970 წელს ხანძარმა გაანადგურა. მაგარმ ის ფენიქსივით აღდგა ფერფლიდან 2021 წელს.
“სტამბოლის მსგავს მეგაპოლისში თუკი რამე მსოფლიო დონის წარმოდგენა ან კონცერტიც შეიძლება გაიმართოს, ყველაფერს ამ ცენტრში ნახავთ,“ – განმარტავს რემზი ბუჰარალი, ათათურქის კულტურული ცენტრის ხელოვნების დირექტორი.
ამ ცენტრში არის ოპერა, თეატრი, ხელოვნების გალერეა, მრავალფუნქციური დარბაზები და სივრცეები, ეს ადგილი ყველას აძლევს შესაძლებლობას, რომ ყოფით რუტინას დააღწიოს თავი.
“ამ თვალსაზრისით,“ – ამბობს რემზი ბუჰარალი, „სტამბოლის ათათურქის კულტურული ცენტრი არის ის ადგილი, სადაც ყოველდღიური სტრესით დაღლილი ადამიანი მივა და შვებით ამოისუნთქავს, დატკბება კულტურითა და ხელოვნებით, ყოფიერების ქაოსს განერიდება და ხელოვნების წყალობით გამოცოცხლდება.“
ავტორი: ჩინცია რიცი