მთავარისაქართველოსაქართველოში მოსახლეობის რაოდენობა იზრდება - საქსტატი

საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა იზრდება – საქსტატი

2023 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით,  ახლა ქვეყანაში   3 მილიონ 736 357 ადამიანი ცხოვრობს, რაც  ერთი წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით 1,3%-ით მეტია.

ამ სტატისტიკაში მოხვდნენ  საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც  ოფიციალურად სხვა ქვეყანაში არ ცხოვრობენ  და ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთა მუდმივი საცხოვრებელიც საქართველოა.  აღმოჩნდა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოსახლეობის მატება მეტწილად  ქვეყანაში  მიგრაციული ნაკადების შემოდინებამ გამოიწვია. სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განმარტავენ, თუ რა ფაქტორები მოქმედებს ყველაზე მეტად მოსახლეობის რაოდენობაზე.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი, პაატა შავიშვილი, ამბობს:  „მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებაზე ძირითადად მოქმედებს ორი ფაქტორი: ბუნებრივი მატება და მიგრაციული სალდო. წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი ზრდა და დადებითი მიგრაციული სალდო.   54 509 ადამიანით მეტი შემოვიდა ქვეყანაში, ვიდრე გავიდა…“

მოსახლეობის ბუნებრივი მატება არის ტერმინი, რომელიც ნიშნავს სიკვდილიანობისა და შობადობის მაჩვენებლების ერთობლიობას. სოციოლოგ სანდრო ცაგარელს მიაჩნია, რომ  ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებელი წელს შემცირებული შობადობით არის განპირობებული.  ასეა უკვე რამდენიმე წელია… ქვეყანაში ახლა უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ  ამ  ფონზე შობადობის მაჩვენებელი იკლებს.

„შობადობა არის დაბალი და ალბათ ყველაზე დაბალი უკანასკნელ წლებში. მიუხედავად იმისა,  რომ მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა, ეს არ მომხდარა დაბადების რიცხოვნობის გაზრდით. სამწუხაროდ კლებულობს ახალდაბადებულთა რაოდენობა და სავარაუდოა, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.  იმიტომ,  რომ  ახლა შობადობის ასაკში არის ყველაზე მცირე ჯგუფი,  90-იან წლებში დაბადებულები“ – ამბობს სოციოლოგი სანდრო ცაგარელი.

საქსტატის მონაცემების მიხედვით,  საქართველოს მოსახლეობის ერთი მესამედი დედაქალაქში ცხოვრობს. სხვაობა ძალიან თვალსაჩინოა  დედაქალაქსა და რეგიონებს შორის. გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის დირექტორი ლელა ბაქრაძე დემოგრაფიის საკითხებზე მუშაობს და ამ საკითხთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციებშიც მონაწილეობს.  ის ამბობს, რომ ურბანული მოსახლეობის გაზრდა და სოფლად მცხოვრებთა შემცირება მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, თუმცა ამ გამოწვევის დასაძლევად  მნიშვნელოვანია თანაბარი ხელმისაწვდომობა ხარისხიან სერვისებსა და ინფორმაციაზე, რათა უთანასწორობა ქალაქსა და სოფელს შორის აღმოიფხვრას.

„ყველა მნიშვნელოვანი ინდიკატორით, რომელიც დაკავშირებულია ჯანმრთელობასთან, სოციალურ მომსახურებასთან – დიდი განსხვავებაა სოფელსა და ქალაქს შორის. ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად პირობები ალბათ ქალაქში უკეთესია. ქალაქში მეტია დასაქმების შესაძლებლობებიც, რის გამოც ადამიანები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები ტოვებენ თავის საცხოვრებელ ადგილებს სოფლად და მოდიან ქალაქში“ – ამბობს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე.

საქსტატი მოსახლეობის საყოველთაო აღწერას ყოველ ათ წელიწადში ერთხელ ატარებს. აღწერა დაგეგმილია მომავალ წელს და სწორედ მაშინ გაირკვევა,  თუ რამდენად ზუსტია ის მონაცემები, რომლებიც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა წელს შეკრიბა,  რადგან  წლევანდელ შედეგებში შესაძლოა ითვლებოდნენ საქართველოს ის მოქალაქეებიც, რომლებიც საზღვარგარეთ არალეგალურად არიან და რეალურად არ ცხოვრობენ საქართველოში.

სოფო მაქაცარია

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend