სუდანში სამოქალაქო დაპირისპირებას 400- ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის უმრავლესობა სამოქალაქო პირია. 3000-ზე მეტი ადამიანი კი დაჭრილია.
სამოქალაქო დაპირისპირება სუდანის შეიარაღებული ძალების გენერალს ფატაჰ ბურჰანსა და გასამხედროებულ ორგანიზაცია სწრაფი რეაგირების ძალების მეთაურს, ჰამდან დაგალოს შორის მიმდინარეობს.
ორი გენერალი სახელმწიფოს სათავეში 2021 წელს, ქვეყნის იმდროინდელი მმართველის, ომარ ალ ბაშირის ჩამოგდების შემდეგ მოექცა, მალევე მათ შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლა გაჩაღდა.
სუდანში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირების ფონზე დასავლეთის ქვეყნებს საკუთარი მოქალაქეები ქვეყნიდან გაჰყავს.
„ვცდილობთ, სუდანიდან ჩვენი მოქალაქეების დახსნას, 21 ადამიანი უკვე დავაბრუნეთ, ჩვენი ბევრი მოქალაქე ჯერ კიდევ სუდანშია და მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არ არის, მსურს ფრანგულ მხარეს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მათ მიერ შეტანილი წვლილისათვის, აუცილებელია სუდანში მიმდინარე დაპირისპირების შეჩერება და დიალოგის დაწყება“, – აცხადებს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ესპანეთისა და საფრანგეთის სამხედრო საჰაერო ძალები ამ ეტაპზეც ცდილობენ, ევროკავშირის მოქალაქეების სუდანიდან ევაკუაციას.