საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.
პრეზიდენტს ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ: ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის კანცლერი აგილა ბარჯიენე, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში სალომე შაფაქიძე და სამხედრო ატაშე ირაკლი უჩაძე.
პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან, პრემიერ-მინისტრ ინგრიდა შიმონიტესთან, სეიმის თავმჯდომარე ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენისთან.
საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოს პრეზიდენტი ანტაკალნისის სასაფლაოზე ლიეტუვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და ლიეტუვის ოკუპაციისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მუზეუმს დაათვალიერებს.
საქართველოს პრეზიდენტი და ლიეტუვის რესპუბლიკის პირველი ლედი იძულებით გადაადგილებული პირებისათვის უკრაინის ომის პერიოდში გახსნილ “უკრაინულ ცენტრს” ეწვევიან.