ისრაელის პოლიციამ ათასობით მომიტინგის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. აქციის მონაწილეებმა გასულ უქმეებზე თელ-ავივის ერთ-ერთი მთავარი ავტომაგისტრალი გადაკეტეს.
მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გასულ კვირას სასამართლო რეფორმის გაუქმების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, პროტესტი მაინც არ წყდება. დემონსტრაციები უკვე მეცამეტე კვირაა მიმდინარეობს.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მეირავ მეიდა, კმაყოფილია, რომ პარტიებს შორის მოლაპარაკებები იმართება. დემონსტრანტების სურვილიც ეს იყო. მათ იმედი აქვთ, რომ შეთანხმებას მიაღწევენ, თუმცა ჯერჯერობით არ აქვთ იმის მიზეზი, რომ აქციები შეწყვიტონ.
სასამართლო რეფორმის გაუქმების მიუხედავად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მის აუცილებლობაზე საუბრობს.
თუმცა მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ რეფორმა დააზიანებს ქვეყნის სასამართლო სისტემას.
ოპონენტები ასევე ამბობენ, რომ, რადგან იგი თავად არის სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული, ეს უკვე ინტერესთა კონფლიქტს ნიშნავს. სასამართლო რეფორმის გეგმამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე რთული საშინაო კრიზისი გამოიწვია.