მთავარისაქართველოპარლამენტში პრემიერ-მინისტრი ინტერპელაციის წესით გამოკითხეს

პარლამენტში პრემიერ-მინისტრი ინტერპელაციის წესით გამოკითხეს

ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებსა და მთავრობის ხედვებზე სასაუბროდ, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაიბარეს. მთავრობის მეთაური დეპუტატების წინაშე წარსდგა. მან საქართველოსთვის მთავარ პრობლემად ოპოზიციის, დასავლელი პარტნიორებისა და უკრაინის მთავრობის ის წარმომადგენლები დაასახელა, რომლებიც ჩვენს ქვეყანას რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში მკაფიო პოზიციის გამოხატვას თხოვს. მანვე თქვა, რომ საქართველოს ომში ჩართვა კვლავ აქტუალურია და ახალი პოლიტიკური ტერმინიც შემოიტანა დისკურსში – უკრაინიზაცია. რაც შეეხება მთავრობის საფრთხეებთან გამკლავებას, ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ მისი მინისტრთა კაბინეტი ყველაფერს სათანადოდ აკეთებს.

„უკრაინიზაციის გეგმა ვახსენე და ამის თაობაზე ფართოდ ვისაუბრე. ეს არის რეალური საფრთხე, რომელიც ჩვენმა გუნდმა ხელისუფლებას ავაცილეთ. რა თქმა უნდა, საფრთხე არ არის მოხსნილი. ამიტომ, მინდა ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებს ვუთხრა, ჩვენ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით. ძალიან კარგად ვიცი მათი გეგმების, ამოცანების, მათი მოქმედებების შესახებ. სახელმწიფო სამსახურები არის მოწოდების სიმაღლეზე. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. თქვენ ნახეთ, რომ სულ რაღაც 2 წელიწადში ქვეყნის დესტაბილიზაციის და ქვეყნის ომში ჩართვის 4 მცდელობა იყო. ეს არის კონკრეტული ფაქტები, რომელიც ჩვენს დესტრუქციულ ოპოზიციას შევახსენე. მათგან მოვისმინეთ ტყუილი, ტყუილი და ტყუილი. ეს არის მათი ხელწერა, ცრუ დემაგოგია, სიცრუე, ყოველგვარი უსაფუძვლო თავდასხმები.

რას სთავაზობს ჩვენი დესტრუქციული ოპოზიცია ჩვენს ხალხს. ჩვენი დესტრუქციული, რადიკალური, ექსტრემისტული ორგანიზაცია სთავაზობს ჩვენი ქვეყნის განადგურებას, ომს, სთავაზობს არა ევროპულ, არამედ განადგურებულ მომავალს.

რა გვითხრეს ევროპარლამენტარებმა კეზერაშვილზე. ადამიანი, რომელიც არის „ელიტური კორუფციის“ ფუძემდებელი საქართველოში, ჯარის მძარცველი, ბიზნესის რეკეტიორი და ევროპელი პენსიონერების მძარცველი, ქურდი, რომლის თაობაზეც ძალიან ბევრი ქვეყნის პროკურატურა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პროკურატურები აწარმოებენ გამოძიებებს და ჩვენ ვართ ჩართულნი და ვართ კოორდინაციაში. კეზერაშვილზე გვეუბნებიან, რომ არ აინტერესებთ, რომ ეს კაცი იყო მძარცველი, ატერორებდა ბიზნესს, ახლა ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს, იგი არის კრიმინალი, მაგრამ არის მათი კრიმინალი.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ „მეხუთე კოლონამ“ ვერ მიაღწიოს ვერც ერთ მიზანს. „მეხუთე კოლონის“ მიზანია ქვეყნის განადგურება, ომში ჩართვა.

დღეს გვიკიჟინებენ, რომ უკრაინის ომის გამო, ჩვენ დავუწესოთ რუსეთს ეკონომიკური სანქციები, დავანგრიოთ ჩვენი ეკონომიკა, ვაზარალოთ მოსახლეობა, ჩვენი მილიონობით მოქალაქე, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, აი, ეს არის ძალიან დიდი უბედურება და ტრაგედია.

თუ ევროპას რეალურად სურს პოლარიზაციის დასრულება, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს – ეს მოხსნის სპეკულაციებს და დაასრულებს ოპოზიციის დესტრუქციულ, რადიკალურ ქმედებებს”, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერს სიტყვა მოუწონეს მმართველი გუნდის დეპუტატებმა. „ქართული ოცნების“ წევრები ფიქრობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკა პოლიტიკური ოპონენტების, დასავლელი პარტნიორების და უკრაინის ხელისუფლების მიმართ, საქართველოს ევროპული მომავლის შესაბამისია.

“ჩვენი ქვეყნის წინაშე მართლაც უმწვავესი საფრთხეები დგას, რაზეც მგონია, რომ თვალს ვხუჭავთ ხოლმე. მაგრამ ეს ფაქტორები არსად ქრება. ამაზე ისაუბრა დღეს ტრიბუნიდან საქართველოს პრემიერმა მკაფიოდ და ნათლად, რომ ხელისუფლება სწორ ანალიზს უკეთებს ამ საფრთხეებს და თავიდან ირიდებს. ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს არის მშვიდობა და რომ როგორმე გადავრჩეთ ამ მძიმე ვითარებიდან, რაც რეგიონშია“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი კახიანმა.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კი თქვეს, რომ პრემიერი რეალურ საფრთხეებზე თვალს ხუჭავს და მის გამოსვლაში აქტუალური იყო ისევ „ნაცები’’ და რადიკალები, ისევ „ომში ჩართვა“ და ისევ შეთქმულების თეორიები და არაფერი უსაფრთხოების გეგმაზე. მათ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პასუხები, მკაცრი და იუმორნარევი ტერმინოლოგიით შეაფასეს.

„თავიდან ბოლომდე შარშანდელი მოხსენება წაიკითხა, არავითარი ცვლილება. ეტყობა უჯრიდან შეეშალა და იგივე ფურცელი ამოიღო. ეს ხომ მოსმენილი გვქონდა? ერთადერთი სხვაობა იყო ის, რომ ბიძინა ივანიშვილი, მხოლოდ მე-19 წუთზე მოიხსენიეთ. ამას ცუდად დაუმახსოვრებს ბიძინა, ასე რომ, უნდა გამოასწოროს და მისი წვლილი კიდევ რამდენჯერმე ახსენოს. ამ გამოსვლის მთელი შინაარსი იყო ის, რომ თურმე ჩვენ მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე ვართ, ატომური თავდასხმები გველის და თურმე ამაში დამნაშავე უკრაინაა. სად არის ნახსენები ის, რომ დღეს მთელი მსოფლიო ამ ბოროტი არსების, პუტინის წინააღმდეგაა გაერთიანებული. რატომ უყვარხართ ჩვენი პრემიერი რუსეთის ყველაზე ოდიოზურ ტელეწამყვანებს, რომლებიც დასავლეთმა დაასანქცირა? მოკლედ, სულელურ პროპაგანდისტულ მესიჯებს იგონებს – „ოპოზიციას ომი უნდა“, „სააკაშვილი ომის დასაწყებად ჩამოვიდა, ყველას აქეზებს, რომ ომი დაიწყონ“. ომს თუ ვიღაც იწყებს, გამარჯვება ხომ უნდა? ომისთვის ტერიტორიების დასაბრუნებლად ემზადებიან თუ პირიქით, რუსეთის აგენტები არიან და უნდათ, რომ რუსეთი შემოვიდეს და დაგვიპყრონ“, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ.

მცირე სახის სიტყვიერი შეურაცხყოფების მიუხედავად, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინტერპელაციის წესით გამოკითხვამ პარლამენტში, უცნაურად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend