მთავარისაქართველოპარლამენტში ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს მოუსმინეს

პარლამენტში ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს მოუსმინეს

საქმიანობის ანგარიში ე.წ. “მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტის წინაშე მთავარი ფინანსური უწყების მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა გააცნო დეპუტატებს. მან, რიცხვებით, რომლებიც საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით ჰქონდა მოშველიებული, ძირითადად მხოლოდ დადებით მიღწევებზე ისაუბრა. გამოწვევები და პრობლემები კი საერთაშორისო ფაქტორებს დაუკავშირა. ლაშა ხუციშვილმა ხაზი გაუსვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მკვეთრად გაუმჯობესებას. თქვა, რომ ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდება, საგადასახადო და საბაჟო მიმართულებით ევროსტანდარტების რეფორმები გატარდება. ასევე, 2022 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები. წინსვლაა ტურიზმშიც. რუსეთის მიმართულებით მოძრავი სანქცირებული ტვირთების 1000-ზე შემთხვევა კი დაიბლოკა.

„ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, აგრეთვე, ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია (მათ შორის, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი), რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს სანქცირებული ფიზიკური პირების ან კომპანიების მიერ, ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს საქართველოში.

საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო რისკების მართვის სამმართველოში, შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახორციელებს აღნიშნული სანქციების აღსრულების ცენტრალიზებულ კონტროლს.

აღნიშნულ პერიოდში შეიქმნა 16 რისკის პროფილი, რომლის საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება, როგორც სანქცირებული ფიზიკური პირების, კომპანიების დანიშნულებით მიმავალი, ისე სანქცირებული ფიზიკური პირებიდან და კომპანიებიდან მომავალი აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება, აგრეთვე, ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურები.

გრძელდება მუშაობა „ორმაგი დაბეგვრის თავიდან არიდების შესახებ” შეთანხმებების გაფორმებასა და ძველი შეთანხმებების განახლებაზე. ამჟამად, შეთანხმება ძალაშია 57 ქვეყანასთან. – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა, გასულ წელს 3.5 მლრდ დოლარს გადააჭარბა. 2019 წელთან მიმართებით ტურიზმიდან ქვეყნის ეკონომიკაში მიღებული შემოსავლების აღდგენამ 107.6 პროცენტი შეადგინა.

გასულ წელს, ისტორიული მაჩვენებელი დაფიქსირდა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში. „საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წელს ამ მაჩვენებელმა 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, სადაც ევროკავშირის, ბრიტანეთისა და აშშ-ის წილი 72.6 პროცენტი იყო“, – განაცხადა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

მმართველი გუნდის დეპუტატებმა მინისტრს საქმიანობა ფაქტობრივად მოუწონეს და ნაკლებად დატვირთეს კრიტიკული შეკითხვებით. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ფინანსთა და სხვა უწყებების საქმიანობის შესახებ, ოპოზიციასთან შედარებით ისედაც უფრო მეტი იციან.

„შეგიძლიათ შეხედოთ საპარლამენტო დარბაზს – ოპოზიციის მხარე არის თითქმის ცარიელი. კითხვები ისმება ხოლმე სწორედ უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან. მით უმეტეს, საინტერესოა ფინანსთა მინისტრის მოსმენა, იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ეხება ბიუჯეტს. აქ ერთი რამ არის საინტერესო – ჩვენ, როგორც მმართველ გუნდს, ისედაც მეტი შესაძლებლობა გვაქვს გვქონდეს კომუნიკაცია ფინანსთა მინისტრთან, რისი საშუალებაც ნაკლებად აქვს საპარლამენტო ოპოზიციას. როდესაც ისინი არ ინტერესდებიან ფინანსთა მინისტრის მოხსენებით, არ სვამენ კითხვებს, ბუნებრივია, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მათ საერთოდ არ აინტერესებთ ამ ქვეყნის განვითარება. აინტერესებთ მხოლოდ საკუთარი რადიკალური დღის წესრიგი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძე.

ფაქტობრივად ცარიელ სხდომათა დარბაზში, ლაშა ხუციშვილს მონოლოგის რეჟიმში საუბარი არ მოუწია, რადგან ოპოზიციის ცალკეული დეპუტატებისგან მაინც ისმოდა შეკითხვები მინისტრის მიმართ. მათი უმეტესობა ფინანსთა სამინისტროს საქმიანობას მთავრობის მუშაობის ფართო კონტექსტში განიხილავს, როგორც კორუფციულსა და კერძო ინტერესებზე მორგებულს და არა მოსახლეობის რეალურ საჭიროებებზე ორიენტირებულს.

“თუ მეკითხებით ფინანსთა სამინისტროს საქმიანობა რამდენად ორიენტირებულია მოსახლეობის საჭიროებებსა და ინტერესებზე, გეტყვით, რომ ეს უწყება არის კორუმპირებული სისტემის ნაწილი. შესაბამისად, არ მაქვს იმის ილუზია, რომ ფინანსთა მინისტრი ღიად გასცემს პასუხებს ჩვენს კითხვებს. ამ სამინისტროს საქმიანობა მთლიანად არის მორგებული ამ ავტოკრატიულ და კორუმპირებულ სისტემაზე და აქედან გამომდინარე, ბიუჯეტში მაგალითად ვერ იქნება ასახული მოქალაქეების საჭიროებები“, – განაცხადა „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.

სხდომათა დარბაზში მყოფი დეპუტატების რაოდენობიდან გამომდინარე, ფინანსთა მინისტრის ანგარიშის მოსმენა მოსალოდნელზე ადრე დასრულდა.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend