მთავარი საქართველო "თავდაცვის ახალი კოდექსის" პოლიტიკური განხილვები

“თავდაცვის ახალი კოდექსის” პოლიტიკური განხილვები

თუ აქამდე, ჯარში ახალი გაწვეული ახალგაზრდების უმრავლესობას, ძირითადად გუშაგად უწევდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა, თავდაცვის ახალი კოდექსით, სახელმწიფოსგან მიდგომა რადიკალურად იცვლება.

ყველა წვევამდელი მხოლოდ სამხედრო ფუნქციას შეასრულებს და თავდაცვის ძალებში იმსახურებს;

გაწვევას და წრთვნას მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს;

მსახურების 12-თვიანი ვადა ნახევრდება;

სტუდენტებს, 4 წლის განმავლობაში არდადეგების დროს მსახური, სამხედრო სამსახურის მოხდად ჩაეთვლებათ და აღარ მოუწევთ სწავლის გაცდენა;

„ფიქტიურ რელიგიურ ორგანიზაციებს“ აეკრძალებათ თავის არიდება;

მკაცრდება დასაქმებული პირების კონტრაქტის ვადაზე ადრე ცალმხრივად შეწყვეტის პირობები;

ახალი გაწვეულები საწყის საბრძოლო მომზადებას საერთაშორისო და NATO-ს სტანდარტებით გაივლიან.

კანონპროექტი დეპუტატებს 22 მარტის სხდომაზე, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გააცნო. მისი განცხადებით, კოდექსი ფართო ჩართულობით შეიქმნა და გამოთქმული შენიშვნების მიუხედავად, შესაძლოა მასში მკვეთრი ცვლილებები აღარ შევიდეს.

„კოდექსი ორიენტირებულია თავდაცვის მიზნებზე მორგებული სამხედრო სამსახურის გავლის ახალ წესზე და თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირების სოციალური გარანტიების გაუმჯობესებაზე. მნიშვნელოვანია, რომ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამინისტროს სისტემაში. კოდექსი სრულიად ახლებურად და თავდაცვის მიზნებზე მორგებულს ხდის სამხედრო რეფორმას, ასევე, აწესებს სამხედროებისათვის მნიშვნელოვან სოციალურ გარანტიებს და ქმნის თავდაცვის ორგანიზების და ნატოსთან თავსებადობის ეფექტიან სამართლებრივ მექანიზმებს. ჩვენ ექვს კომიტეტთან და სამხედრო ექსპერტებთან ერთად ვიმუშავეთ ამ დოკუმენტის შექმნაზე და ვფიქრობ, რომ ყველაფერი რაც იყო გათვალისწინებულია. თუმცა, ეს პროცესი რაც ახლა პარლამენტში მიმდინარეობს, სწორედ ამას ემსახურება“, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

პარლამენტის სხდომაზე, გრიგოლ გიორგაძეს მწვავე კითხვები დაუსვეს „გირჩის“ დეპუტატებმა. მათი თქმით, ახალი კოდექსი, ჯარში მსახურების მსურველს ნორმალურ სარეზერვო სამსახურსაც ვერ სთავაზობს. ასევე, რელიგიური პირების შეზღუდვით, კანონი დისკრიმინაციული იქნება.

“ფეიკია“ ეს უსაფრთხოება და სინამდვილეში ეს არაფერ შუაშია!  კანონის პროექტი თავისი ბუნებითა და შინაარსით რუსულია, ხოლო პარლამენტში მისი წარმოდგენის მიზანი პოლიტიკურია – ეს არის “ბიბლიური თავისუფლების“ წინააღმდეგ ბრძოლა და სავალდებულო გაწვევის ინსტიტუტის პოლიტიკური მუქარისა და შანტაჟისთვის გამოყენება.

მნიშვნელოვანი კითხვა უმრავლესობის არც ერთ წევრს არ ჰქონდა – უმრავლესობა უსაფრთხოებაზე ისე ზრუნავს, რომ არ აღელვებს, რადგან იცის, რომ ეს არის “ფეიკ“ რეფორმა. რუსულია თქვენი მოქმედებისა და მუშაობის სტილი – ამბობთ, ჩვენ ბევრნი ვართ, ძალა ჩვენს მხარესაა და თქვენ ცოტანი ხართ, მაგრამ მართლები ჩვენ ვართ, ხოლო თქვენ უბრალოდ ძალა გაქვთ!“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა უმრავლესობის მისამართით.

„თავდაცვის ახალ კოდესქში“ პოზიტიურ ცვლილებებს ხედავს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის წევრი თეონა აქუბარდია. თუმცა, დოკუმენტში ორ მთავარ ხარვეზსაც გამოყოფს. მისი თქმით, მართლმადიდებელი სასულიერო პირები პრივილეგირებულ მდგომარეობაში რჩებიან. სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლების მიმართ კი კანონი დისკრიმინაციულია.

ამის გარდა, დეპუტატი სამხედრო პირის მიმართ კონტრაქტის დარღვევისთვის დაწესებულ უმკაცრეს დასჯაზეც საუბროს. მისი თქმით, სამხედრო მოსამსახურეს, თუ ის ცალმხრივად დაარღვევს კონტრაქტის პირობებს, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, აღსრულების ბიურო სოლიდური ჯარიმის გადახდას აიძულებს, რაც მისი თქმით არაკონსტიტუციურია და მოქალაქეს სამართლიანი სასამართლოს გამოყენების უფლებას ართმევს.

“დადებითად მივიჩნევ იმას, რომ თავდაცვის სფეროში მოხალისეობა სისტემურად გვარდება. ხდებიან თავდაცვის სისტემის ნაწილი და მათზე ყველა ის პრივილეგია და სოციალური სიკეთეები გავრცელდება, რაც სხვა სამხედრო მოსამსახურეებზე. თუმცა, ამის იქეთ, გვაქვს ორი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლებიც ამავე დროს არაკონსტიტუციური და დისკრიმინაციულია. პირველი ის, რომ საპატრიარქოსთან დადებული კონკორდადის გამო, მართლმადიდებელი ეპისკოპოსები სამხედრო სამსახურისგან თავისუფლდებიან, სხვა რელიგიური პირები კი არა. რაც ცალსახა რელიგიური დისკრიმინაციაა. მეორე საკითხი ეხება კონტრაქტს. სამხედრო პირი, რომელიც ვადაზე ადრე დაარღვევს კონტრაქტის პირობებს და წავა სამსახურიდან, სოლიდურად ჯარიმდება. მას ფაქტობრივად ერთმევა სამართლიანი სასამართლოს უფლება და ჯარიმის ამოღებას ფულით, ან ქონებით პირდაპირ სააღსრულებო წესით უზრუნველყოფენ. ეს აუცილებლად დააქვეითებს ჯარში წასვლისა და სამხედრო კარიერის მოწყობის მოტივაციას, რაც დამღუპველია თავდაცვის სისტემისთვის“ – განაცხადა აქუბარდიამ.

თავდაცვის ახალი კოდექსის შემუშავებაში ჩართული იყვნენ სამხედრო ექსპერტებიც. სხვადასხვა სამხედრო ტიტულის მქონე ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ მან კანონპროექტის ავტორებს თავისი მოსაზრებები დეტალურად გააცნო, თუმცა ფიქრობს, რომ მთავარი იდეები და შენიშვნები გათვალისწინებული არ არის. გარკვეულ პუნქტებს კი მაინც პოზიტიურად აფასებს.

„ზოგადად კარგია, რომ ეს დოკუმენტი ექნება ქვეყანას და ამ საკანონმდებლო პაკეტით ბევრი რამ მოწესრიგდება. მაგალითად ის, რომ სამხედრო მოსამსახურეები თანაბრდებიან სახელმწიფო სიკეთეების მიღების ნაწილში. ასევე, სხვა სოციალური პაკეტების გაუმჯობესებაც აღსანიშნია. მე სხვადასხვა ექსპერტთან და სპეციალისტთან ერთად, თავდაცვის სამინისტროს გადავეცი ჩემი მოსაზრებები და ამ მხრივ, არამგონია ყველაფერი გათვალისწინებული ყოფილიყო. მე მაგალითად, საერთოდ არ მივესალმები სავალდებულო სამხედრო სამსახურს და ვფიქრობ, რომ თავდაცვის ძალების გაძლიერებისთვის საკონტრაქტო უფრო საჭიროა. თუმცა, გადაწყვეტილებებს მე არ ვიღებ“, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

პარლამენტის მიერ, კანონპროექტის საბოლოო კენჭისყრამდე დრო კიდევ არის დარჩენილი. სამხედრო და თავდაცვითი საკითხების აქტუალობიდან გამომდინარე, ამ დროში, შესაძლებელია დამატებითი ფართო დისკუსიის გამართვა. რამდენად გაითვალისწინებს თავდაცვის სამინისტრო და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი დარგის სპეციალისტების კვალიფიციურ რჩევებს, ამაზე მმართველ გუნდში არ საუბრობენ.

ალეკო გვეტაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

00:03:16
Send this to a friend