უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის ცნობით, ანექსირებული ყირიმის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ჯანკოიში მომხდარი აფეთქების შედეგად განადგურებულია რუსული ფრთოსანი რაკეტები „კალიბრი“.
სოციალურ ქსელებში რამდენიმე ვიდეოკადრი ვრცელედება, რომელზეც სავარაუდოდ, დაფიქსირებულია აფეთქების მომენტი და ისმის სროლის ხმაც.
უკრაინის დაზვერვის ცნობით, ეს მოხდა მაშინ, როდესაც რაკეტების ტრანსპორტირება ხდებოდა სარკინიგზო გზით.
ცნობისთვის, ჯანკოეში მდებარეობს მსხვილი სარკინიგზო კვანძი, რომელიც უერთდება რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ოლქის ნაწილს და ამ გზით ხდება რუსეთის შეიარღებული ძალების მომარაგება.
დამატებით დეტალებზე უკრაინა არ საუბრობს, ისევე როგორც არ იღებს პირდაპირ პასუხისმგებლობას, რომ მათ განახორციელეს დარტყმა.
რუსულ ტელეგრამარხებზე წერენ, რომ უკრაინამ გამოიყენა კამიკაძე დრონები და განხორციელდა 10-მდე დარტყმა, თუმცა ეს ცნობები არ არის დადასტურებული. რუსული მედიის ცნობით, დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და დაშავდა ერთი ადამიანი.