მთავარიევროპაუკრაინავლადიმერ პუტინი ოკუპირებულ მარიუპოლში ჩავიდა

ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ მარიუპოლში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასულ უქმეებზე რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიები მოინახულა. ის ვიზიტით იმყოფებოდა მარიუპოლსა და ყირიმში. რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის შემდეგ ეს პუტინის პირველი ვიზიტია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

რუსეთის წარმომადგენელთა ინფორმაციით, პუტინმა ოკუპირებული ტერიტორიები უკვე დატოვა. იგი სამხრეთ რუსეთში, ქალაქ როსტოვში, სამეთაურო-საკონტროლო პუნქტს ეწვია და შეხვედრები გამართა.

შაბათ ღამით კი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ საპორტო ქალაქ მარიუპოლში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოებმა კვირას დილით გაავრცელეს. მარიუპოლი მსოფლიო მასშტაბით დაუმორჩილებლობის სიმბოლოდ იქცა. უკრაინელი სამხედროები სამი თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ ფოლადის ქარხანაში და რუსულ არმიას ქალაქს არ უთმობდნენ. ქალაქზე კონტროლი მოსკოვმა საბოლოოდ მაისში მოიპოვა.

პუტინი მარიუპოლში ვერტმფრენით ჩავიდა. მან მოინახულა ქალაქის მნიშვნელოვანი ადგილები – საკონცერტო დარბაზი, სანაპირო ზოლი. რუსული წყაროების ინფორმაციით, პუტინი ასევე შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას. თუმცა რუსული მხარე არ აზუსტებს პუტინის ვიზიტის დეტალებს. უცნობია, ზუსტად რომელ საათზე იმყოფებოდა ის მარიუპოლში.

შაბათს კი პუტინი მარიუპოლიდან სამხრეთ-დასავლეთით, ყირიმში გადავიდა. ის ნახევარკუნძულზე რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მეცხრე წლისთავთან დაკავშირებით ჩავიდა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებს მას შემდეგ ეწვია, რაც ჰააგის სასამართლომ მისი დაპატიმრების ორდერი გასცა. მას ომის დანაშაულები ედება ბრალად. ჰააგის ტრიბუნალის ინფორმაციით, პუტინმა პასუხი უნდა აგოს მოსახლეობის, მათ შორის, ბავშვების უკანონო დეპორტაციისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში მათი იძულებით გადაყვანის გამო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend