საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ეთერში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან და “უცხოური გავლენების აგენტების” კანონპროექტებთან დაკავშირებით ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ქართველი ხალხი პროტესტით თავის ევროპულ მომავალს იცავს.
„ეს არ არის ახალი, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანი არის ევროკავშირისკენ სწრაფვა და ეს არაერთხელ დაუდასტურებია ქართველ ხალხს, მათ შორის ქუჩაში დგომითაც. ეს ხდება ახლაც. ჩემი ხალხის ნათელი არჩევანი არის ევროპა და კანონი, რომლის მიღებაც სურს მმართველ პარტიას, ამ მიზანს ეწინააღმდეგება. ეს ხდება იმ დროს, როდესაც ჩვენ ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინში ვართ, რომელიც უკრაინას და მოლდოვას რამდენიმე თვის წინ უკვე მიეცათ. ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ ეს არის მათი შვილების მომავალი.
ჩვენ კონსტიტუციაშიც გვიწერია, რომ ევროკავშირი არის ამ ქვეყნის საგარეო კურსი. რისი გარანტორიც ჩემი, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტიცაა. თუ ხელისუფლება არ გააკეთებს იმას, რაც ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას სურს, მაშინ მე ვეცდები გავაკეთო ყველაფერი, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ეს მართლაც არის ისტორიული არჩევანი.
სხვა ახსნა არ არსებობს, გარდა იმისა, რომ კანონი, რომლის მიღების წინააღმდეგაც არის გამოსვლები, არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს ევროპულ გზაზე. ეს კანონი მხოლოდ რუსულ ინტერესებშია. მისი მიღება ნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ყველას, ჩემი ჩათვლით, ეწოდებათ უცხოელი აგენტები. ეს ძალიან გავს რუსულ პოლიტიკას. ხალხი, რომელიც მშვიდობიანად მოვიდა პარლამენტთან ეს ორი დღეა, თავისი ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ალეკო გვეტაძე