„ქართული ოცნების“ შეზღუდვების გარეშე მოლაპარაკე ფრთის, ანუ „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე „უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ, პოლიტიკურად ყველამ ყველაფერი უკვე თქვა. ოპოზიციამ პირდაპირ რუსულ ანალოგად მიიღო ეს კანონი და მმართველი პარტიის მხრიდან, ქვეყნის ევროპული მომავლის მორიგ საწინააღმდეგო აქტად შეაფასა. კრიტიკული განცხადებები გრძელდება.
„აქ მთავარია რა მიზნით აქვს ამერიკას ეს კანონი. ის იყო ფაშიზმის საწინააღმდეგო, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის საწინააღმდეგო მიზნებისთვის. „ქართული ოცნება“ ფაშიზმს ებრძვის დასავლელი პარტნიორების სახით, თუ რატომ დგას ამ კანონის მიღების აუცილებლობა? თუ იმას იტყვის რომ გამჭვირვალობისთვის, ეს ისედაც არის და გამჭვირვალობას არ სჭირდება ადამიანისთვის აგენტის წოდება“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.
მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ ერთობლივი იდეა ხმაურიანი განსჯის საგანი გახდა, მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა მეტი პოლიტიკური დრამატიზმი შეიტანოს პროცესში. „ხალხის ძალა“ მეორე კანონპროექტსაც ამზადებს, ამჯერად ამერიკული ვერსიის ზუსტ ასლს და როგორც „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, უფრო მკაცრ კანონსაც დაარეგისტრირებენ. სასწორის ორ პინაზე მმართველი გუნდი ორ კანონპროექტს შემოდებს. რომელი პინის დამძიმებას გადაწყვეტს „ქართული ოცნება“, ეს უკვე მათი თქმით, გუნდის გადაწყვეტილებასა და ალბათ საზოგადოების რეაქციაზე იქნება დამოკიდებული.
“სიღრმისეულად განვიხილავთ ორივე კანონპროექტს და, საბოლოო ჯამში, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელს დავუჭიროთ მხარი. რაც შეეხება ევროპას, იქაც დაიწყეს მსჯელობა ასეთი კანონის მიღებასთან დაკავშირებით. ევროპის სახალხო პარტია არის ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ჯგუფი ევროპარლამენტში, რომელმაც დაიწყო ამ საკითხის ინიცირება. ისინი საუბრობენ ამერიკული FARA-ს კანონის, ანუ ამ კანონის კოპირებაზე. შესაბამისად, როგორ შეიძლება, ამ ყველაფერს ჰქონდეს წინააღმდეგობა ევროინტეგრაციასთან ან სხვა მსგავს საკითხებთან, ეს არის წარმოუდგენელი. ამერიკაში მოქმედებს ასეთი კანონი, ევროკავშირში ახდენენ ასეთი კანონპროექტის ინიცირებას, აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად არარელევანტურია მსჯელობა, რომ ამ კანონპროექტმა შეიძლება შეაფერხოს ქვეყნის ევროინტეგრაცია”, – განცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
სამოქალაქო სექტორი ცდილობს, საზოგადოებას აუხსნას, რატომ დააშორებს ეს კანონი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეს. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ლევან ცუცქირიძე ამბობს, რომ ამ კანონის მიღება „ქართული ოცნების“ უფრო დიდი გეგმის ნაწილია, რომლის მიზანია, სრულად ჩაახშოს დამოუკიდებელი ინსტიტუტები და საქართველო საბოლოოდ დაუქვემდებაროს რუსულ გავლენებს.
„დღეს ერთადერთ კუნძულს, სადაც პროფესიონალიზმისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი ისედაც არის, ვგულისხმობ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამ კანონპროექტით თავს ესხმის „ქართული ოცნება“. თუ ქვეყანაში არ გვექნება დემოკრატია, ქართველ კაცს და ქალს, არ ექნება საშუალება იპოვოს სამართალი და განახორციელოს თავისი პოლიტიკური ნება. თუ ამ კანონს მიიღებენ, პროპაგანდის საშუალებით მოხდება სამოქალაქო სექტორის დაკნინება და ვითომ ხუმრობით, „აგენტის“ ძახილით გაშარჟებაც. როგორც რუსეთში მოხდა. ეს კანონი საქართველოს ევროპულ მომავალზე ძალიან დიდი დარტყმა იქნება. ეს იქნება დიდი ნაბიჯი შორს ევროპისგან და დიდი ნახტომი რუსეთს კალთაში“, – აცხადებს ლევან ცუცქირიძე.
კანონპროექტის კანონად დამტკიცებამდე, ალბათ უამრავი მოსაზრება, ურთიერთბრალდება და შეფასება გახდება საზოგადოებისათვის ცნობილი. სანამ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მაუწყებლებს ჯერ კიდევ სამოქალაქო სექტორი ჰქვია და არა „უცხოური გავლენების აგენტი“, დემოკრატიული ინსტიტუტების წარმომადგენლები თვლიან, რომ ქვეყანას აქვს ევროპული მომავალი და პერსპექტივა.
ალეკო გვეტაძე