აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი ეხმიანება მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას უკავშირდება.
ნედ პრაისი აცხადებს, რომ კანონს, მისი მიღების შემთხვევაში, შემაშფოთებელი გავლენა ექნება საქართველოში სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის მაჩვენებელზე და შეაფერხებს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
ნედ პრაისი ამბობს, რომ კანონპროექტი სავარაუდოდ ეფუძნება რუსეთისა და უნგრეთის მსგავს კანონმდებლობას და რომელიმე ამერიკულ კანონმდებლობას, როგორც ამას მისი ავტორები აცხადებენ.
„ჩვენთვის ცნობილია საქართველოს პარლამენტში არსებული კანონპროექტის შესახებ და ღრმად შეშფოთებული ვართ მისი შედეგებით საქართველოში სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. ჩვენი ღრმა შეშფოთება უკვე გამოვუცხადეთ საქართველოს მთავრობიდან ჩვენს თანამოსაუბრეებს. შემოთავაზებული კანონპროექტი დაღს დაასვამს და გააჩუმებს საქართველოში დამოუკიდებელ ხმებსა და მოქალაქეებს, რომლებიც ერთგულები არიან, იმისა რომ თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავალი შექმნან. მიგვაჩნია, რომ ამ კანონის მიღებამ შესაძლოა პოტენციურად ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. რაც შეეხება ჩვენს კანონებთან შედარებას, განცხადება იმის შესახებ რომ ქართული კანონპროექტი ეფუძნება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს, აშკარად მცდარია. ეს კანონპროექტი, როგორც ჩანს, ეფუძნება რუსეთისა და უნგრეთის მსგავს კანონს და არა ამერიკული უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს” – აცხადებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი.