როგორ უნდა გადაიჭრას სამუშაოს ავტომატიზაციის პრობლემა? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად რუმინეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში დაიწყეს პროექტი Future of Work (მომავლის სამსახური). ამ ევროპულ პროექტს სამი ძირითადი აქცენტი აქვს: პირადი მონაცემების ადაპტაცია, ხელოვანების გადამზადება სამეწარმეო საქმიანობაში და სოციალურად ყველაზე დაჩაგრული უბნების დახმარება.
“ჩემი აზრით, ავტომატიზაცია უნდა განვიხილოთ, როგორც შესაძლებლობა და არა როგორც რისკი. ჩვენ შეგვიძლია, მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ ადამიანის შემოქმედებითი უნარის წყალობით,“ -ამბობს ოვიდიუ ჩიმპეამი, კლუჟ-ნაპოკის Future of Work პროექტის მენეჯერი.
2001-19 წლებში კლუჟი ერთ-ერთი ისეთი ევროპული ქალაქი იყო, რომლის ეკონომიკაც ყველაზე მეტად გაიზარდა. თუმცა, ეს ზრდა რომ შეენარჩუნებინათ, ქალაქის მესვეურებმა გააცნობიერეს, რომ ცოდნა და ტექნოლოგიები ერთმანეთთან უფრო მჭიდროდ უნდა დაეკავშირებინათ.
კომპანია „შემოქმედებითი ინდუსტრიების დახელოვნების რეგიონული ცენტრი“ (CREIC – Regional Centre of Excellence for Creative Industries) და მისი სამი ლაბორატორია კლუჟის ინიციატივის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. აქ ყოველდღე 240 სტუდენტი გადის პრაქტიკას. ისინი სწავლობენ, თუ როგორ მოარგონ საკუთარი მონაცემები ბაზარსა და ტექნოლოგიებს. თეოდორა ამ გადამზადების წყალობით, ახლახან საინფორმაციო ტექნოლოგიების ერთ-ერთ გიგანტ კომპანია IBM-ში დასაქმდა.
“უამრავი რამ ვისწვალე ახალი,“ – ამბობს პროექტის ბენეფიციარი თეოდორა კორნეა. „მაგალითად, განვითარებადი ტექნოლოგიები, ვირტუალური რეალობა, 3D დიზაინი, თამაშების განვითარება…ჩემი აზრით, მომავალში უამრავი ისეთი სამუშაო ადგილი გვექნება, რომლებსაც სჭირდება ინჟინერია, უმეტესად ტექნოლოგიები და ავტომატიზაცია“.
კლუჟ-ნაპოკის Future of Work პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 5.6 მილიონი ევროა, რომლის 80 პროცენტიც ევროპის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში ფინანსდება, დანარჩენ 20 პროცენტს კი საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენელი 10 პარტნიორი იხდის.
კულტურა და შემოქმედებითი ინდუსტრია კლუჟის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა. ანადორა ლუპო, რომელიც ლითონზე მუშაობს, ერთ-ერთი ხელოვანია, რომელმაც საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის ისარგებლა პროექტის ერთ-ერთი კომპონენტით, რომელსაც „ხელოვანი მეწარმე“ ეწოდება.
ანადორა ლუპო, ხელოვანი:
“ამ პროექტმა შემივსო ის, რაც მაკლდა ამ სფეროში, არა მხოლოდ დიზაინის ან ჩვენი ექსპერტული სფეროს კუთხით, არამედ სოციალიზაციისა და სამეწარმეო თვალსაზრისითაც“.
ბოშათა თემის ჩართულობა
სოციალურ-პროფესიული ჩართულობა ამ პროექტის მესამე ღერძია, რომელიც 20 წლის განმავლობაში დასაქმების პერსპექტივას ეხება. კლუჟში საკმაოდ თვალსაჩინოა სოციალური უთანასწორობა. პატა-რეტის ჯურღმულების ნაგავსაყრელთან, დაახლოებით 2500 ადამიანი ცხოვრობს. ალექს ფეკეტეს მიზანი მათთვის ძირითადი სოციალური პირობების უზრუნველყოფაა. იგი ბოშათა ამ დასახლებაში პროექტის ფასილიტატორია.
ალექს ფეკეტე:
“ჩვენ ამ უბანში ორი საშხაპე კონტეინერი დავდგით და ინტერნეტიც გამოვიყვანეთ, რათა აქაურებმა სამუშაოს ძებნა შეძლონ. გარდა ამისა, ექვსი თვის განმავლობაში ავტობუსის მოყვანაც მოვახერხეთ, რადგან ასე უფრო ადვილია სამსახურში სიარული“.
ავტორი: ავრორა ველესი