მთავარისაქართველოსაქსტატმა საზოგადოებას ახალი სტატისტიკური მონაცემების პორტალი regions.geostat.ge წარუდგინა

საქსტატმა საზოგადოებას ახალი სტატისტიკური მონაცემების პორტალი regions.geostat.ge წარუდგინა

იმისათვის, რომ საქართველოს რეგიონებიდან და მუნიციპალიტეტებიდან სხვადასხვა სტატისტიკის წარმოება გაიზარდოს და უფრო კვალიფიციური გახდეს, საქსტატმა საზოგადოებას ახალი ვებ-პორტალი წარუდგინა.

„რეგიონული და მუნიციპალური პორტალის“ საშუალებით დაინტერესებული პირი თავისუფლად შეძლებს მოიძიოს ამა თუ იმ რეგიონისა თუ საქალაქო დასახლების  სტატისტიკური ინფორმაცია. მათ შორის როგორიცა – მოსახლეობა და დემოგრაფია, ტურიზმი, ბიზნეს და ეკონომიკური აქტივობები, ჯანდაცვა, კულტურა განათლება, მშენებლობა და სხვა. პორტალზე, მისი მულტიფუნქციური ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, ასევე შესაძლებელია სხვადასხვა რეგიონისა თუ მუნიციპალიტეტის სტატისტიკური მონაცემების შედარებაც.

„რეგიონული და მუნიციპალური პორტალი ხელმისაწვდომი იქნება ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის და საშუალებას მისცემს კიდევ უფრო მარტივად და სწრაფად მოიძიონ მათთვის სასურველი სტატისტიკური ინფორმაცია, როგორც რეგიონის ასევე მუნიციპალიტეტის დონეზე. პორტალი შესაძლებლობას იძლევა შედარდეს ძირითადი მაჩვენებლები, როგორც რეგიონების  ასევე მუნიციპალიტეტების  მხრივ“,- განაცხადა საქსტატის დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

ახალი პორტალის და საერთოდ საქსტატის საქმიანობაში, წლებია აქტიურად არიან ჩართული პარტნიორი ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ევროკავშირი. გაეროს, დანიის საელჩოს და ევროკავშირის ოფისის წარმომადგენლებმა, პანელურ გამოსვლაზე აღნიშნეს, რომ საქსტატის საქმიანობა განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოებისთვის აუცილებელია. მათივე განცხადებით,  როგორც საქართველოს პარტნიორები, აქტიურად არიან ჩართული ამ უწყების განვითარებაში.

„მონაცემების გარეშე სწორი პოლიტიკის წარმოება შეუძლებელია. ამის გარეშე კი რთულია დაეხმარო მოსახლეობას, შეუქმნა უკეთესი სოციალური სერვისები, უკეთესი შესაძლებლობები, გააუმჯობესო ცხოვრების ხარისხი. როგორ მოამზადებ მასწავლებლებს, თუ არ იცი ამა თუ იმ რეგიონში რამდენი მოსწავლეა. თუ არ გაქვს ინფორმაცია მოსახლეობაზე, დემოგრაფიაზე, სხვადასხვა საკითხზე, ამის გარეშე ძალიან რთულია დაგეგმო და განახორციელო. ეს პორტალი ამჟამად 82 ინდიკატორს საზღვრავს, ეს კარგი რაოდენობაა.  მონაცემები არამხოლოდ მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებს, არამედ ცენტრალურ მთავრობასაც ძალიან წაადგება მოსახლეობისათვის უკეთესი პირობების შექმნისათვის. ამიტომ უჭერს მხარს ევროკავშირი ამ პორტალს. უკეთესი მონაცემები, უკეთეს პოლიტიკას ნიშნავს, უკეთესი პოლიტიკა კი ცხოვრების უკეთეს ხარისხს“,- განაცხადა კოლომბ დე მერსიმ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მმართველობისა და ადამიანური კაპიტალის მიმართულების ხელმძღვანელმა.

მუნიციპალიტეტის დონეზე სტატისტიკური მონაცემების წარმოების პორტალის დეტალების გასაცნობად, ღონისძიებას მუნიციპალიტეტების პირველი პირები დაესწრნენ. Regions.geostat.ge პორტალზე განთავსებულია 64 მუნიციპალიტეტის სტატისტიკური ცნობარი 82 სხვადასხვა საზომი ინდიკატორის სახით. უწყების ცნობით, ეს პორტალი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროცესშიც, რომელიც საქსტატის მიერ ქვეყნის მასშტაბით 2024 წელს ჩატარდება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend