სამხრეთ თურქეთსა და სირიაში მაშველები ამ დრომდე მუშაობენ მიწისძვრის გამო დაზარალებული ადამიანების გადასარჩენად, თუმცა ყინვა და დაზიანებული გზები მათ მუშაობას აფერხებს. დაღუპულთა რიცხვი კი ყოველდღიურად იზრდება, ბოლო მონაცემებით დამანგრეველ მიწისძვრას სირიასა და თურქეთში 11 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თურქი მაშველები განუწყვეტლივ მუშაობენ, პარალელურად საერთაშორისო დახმარების მცდელობის მიუხედავად, ბეტონის ფილების ასაწევი ტექნიკის მობილიზება სტიქიის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში საკმაოდ რთულია.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა 10 დაზარალებულ პროვინციაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც ხელს შეუწყობს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მართვას. ერდოღანის თქმით საჭიროა განსაკუთრებული ზომების მიღება მდგომარეობის სწრაფად გამოსასწორებლად.
„მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ არავინ უნდა ისარგებლოს მიწისძვრის ზონამდე და მის შიგნით მიმავალი გზებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს სავალდებულოა და სატელეფონო ზარები არ უნდა განხორციელდეს გარდა გადაუდებელი საჭიროებებისა“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.
სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 1 832-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 812 ადამიანი ემსხვერპლა სირიის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე, 1 020 ადამიანი კი სირიის ჩრდილო-დასავლეთით, ამბოხებული ოპოზიციის კონტროლირებულ რაიონებში დაიღუპა.
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრისგან დაზარალებული მოქალაქეები თავს სამთავრობო თავშესაფრებს, სასტუმროებს სავაჭრო ცენტრებს, სტადიონებს, მეჩეთებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს აფარებენ თავს.