მთავარისაქართველოპრეზიდენტი: ქართველ ხალხს ჩაკეტილ წრეზე ტრიალი და ამ ვითარების მძევლად დარჩენა მიესაჯა

პრეზიდენტი: ქართველ ხალხს ჩაკეტილ წრეზე ტრიალი და ამ ვითარების მძევლად დარჩენა მიესაჯა

სალომე ზურაბიშვილი მესამე პრეზიდენტის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებს. სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ გადაწყვეტილებით, ქართველ ხალხს ჩაკეტილ წრეზე ტრიალი და ამ ვითარების მძევლად დარჩენა მიესაჯა. პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი შეწყალებით, მიხეილ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება, რადგან ის სამ სხვადასხვა საქმეზეა ბრალდებული.

„პრეზიდენტისკენ ხელის გამოშვერა არაფრის მომტანია, თუ არა კიდევ ერთხელ საზოგადოების მოტყუების მცდელობა. ვითომ არ იცოდეს ყველამ, ან ერთმა ან მეორემ, რომ პრეზიდენტის შეწყალებით მიხეილ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება (კიდევ სამ საქმეზე არის ბრალდებული) და რაც მთავარია, ვითომც ამ ხელმოწერით ქვეყანა თავის სახეს და რეპუტაციას ვერ დაიბრუნებს და ვერც გადამწყვეტ შედეგს მიაღწევს ევროპულ გზაზე“ – წერია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

პრეზიდენტი ამბობს, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს უჩნდება კითხვები და ეჭვები ქვეყნის გაცხადებული ორიენტაციის შესახებ და იმის შესახებ, ხომ არ უბრუნდება საქართველოს რუსეთის ორბიტას. სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთის მიმართ გაუგებარი და ლმობიერია.

„ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა. რაც თავისთავად შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს, თუ კი რუსეთმა დაიჯერა, რომ დავკარგეთ ჩვენი ტრადიციული პარტნიორების მკაფიო მხარდაჭერა. ამგვარი დისკრედიტაცია მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია: ერთი მხრივ, ხელისუფლების რიტორიკის, ჯიუტი გადაწყვეტილებების და რუსეთის მიმართ გაუგებარი ლმობიერების, (ზედმეტი სიფრთხილე რუსეთის ხსენების დროს, სანქციების არიდების დაჟინებული რიტორიკა, თუ ფრენების აღდგენის პოზიტიურად შეფასება) რომელიც უპირისპირდება უკრაინელებისა და ჩვენ პარტნიორების მიმართ მკაცრ და ხშირად შეურაცხმყოფელ კრიტიკას“ – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილის ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე მუშაობის და მათი შესრულების აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გარემო ხელს უშლის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას.

„გრძელდება ქვეყნის არნახული დისკრედიტაცია, ხელი ეშლება პარტნიორებთან ჩვენი ურთიერთობების სწორი გზით განვითარებას, ხელი ეშლება, ამ უმძიმესი განსაცდელის დროს, უკრაინელი ხალხისა და ქვეყნის მიმართ ჩვენი სოლიდარობის გამოხატვას, რაც ლახავს ქართულ ტრადიციას, ხელი ეშლება ჩვენს აღიარებულ ევროპულ პერსპექტივას, ხელი ეშლება 12 რეკომენდაციაზე მუშაობას და მის შესრულებას, მაშასადამე ჩვენი კანდიდატის სტატუსის მიღებას.

ყველამ უნდა დაამთავროს ამ ქვეყნის მომავლით სპეკულირება და თამაში. აიღოს პასუხისმგებლობა და შეწყვიტოს ქვეყნის სახის დაზიანება. ეს საკითხი ქართული პოლიტიკური სივრციდან უნდა მოიხსნას და ამით ამ ქვეყანას საშუალება მიეცეს, ისუნთქოს, იცხოვროს, განვითარდეს და მიიღოს ევროკავშირის დამსახურებული კანდიდატის სტატუსი! ეს არის საქართველოს მოსახლეობის ნება და დაკვეთა თავისი ხელისუფლების მიმართ და არავის აქვს უფლება ყველაფერი არ პგააკეთოს ამ ნების აღსასრულებლად“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა ეს განცხადება 7 თებერვალს, „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend