მთავარისაქართველოკვლევა: 2022 წელს თბილისში სოციალურ პრობლემებს მოქალაქეები იშვიათად აპროტესტებდნენ

კვლევა: 2022 წელს თბილისში სოციალურ პრობლემებს მოქალაქეები იშვიათად აპროტესტებდნენ

“დამოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” კვლევის შედეგად 2022 წელს თბილისში გამართული აქციების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკური მოთხოვნებით იმართებოდა

სოციალური პრობლემები საქართველოს დედაქალაქში 2022 წელს მხოლოდ ერთხელ გააპროტესტეს. 27 მარტს მოქალაქეებმა საწვავის ფასის შემცირება მოითხოვეს.

არც მანამდე და არც მის შემდეგ საქართველოს მოქალაქეები გაძვირებული პროდუქტების ან სხვა სოციალური პრობლემების გამო ქუჩაში აღარ შეკრებილან – ამბობენ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში“. ისინი ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს აკვირდებოდნენ.

სამართალდამცველებისა და სასამართლოს მიერ შერჩევით მიდგომაზე კვლევაში ბევრს საუბრობენ. ასევე ანგარიშში ერთ-ერთ მიგნებას წარმოადგენს ის, რომ ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ გამართულ აქციებს, როგორც წესი, შედეგი არ მოჰყოლია.

კვლევის ავტორები აქციების დროს სამართალდამცველთა მობილიზებაზე საუბრობენ. მათი თქმით, ცალკეულ შემთხვევებში სამართალდამცველების რაოდენობა დემონსტრანტების რაოდენობას უტოლდება ან აღემატება, თუმცა ზოგიერთ აქციაზე პოლიციელების რიცხვი ძალიან მცირე იყო.

მაგალითად პრეზიდენტის სასახლის წინ გამართული აქცია მოჰყავთ.

მოქალაქეთა ნაწილი საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებდა, არ შეეწყალებინა მიხეილ სააკაშვილი. კვლევის ავტორების თქმით, ამ კონტრაქციაზე სამართალდამცველები მცირე რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილი.

2022 წელს ყველაზე მეტი ადამიანი ქუჩაში საქართველოს ევროპული გზის მხარდასაჭერად გამოვიდა.

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” ინფორმაციით, 2022 წლის ივნის-ივლისში გამართულ აქციებს ყველაზე დიდი მხარდაჭერა ჰქონდა.

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა” 7 თებერვალს ანგარიშის “საპროტესტო აქციები დაკვირვების ქვეშ” პრეზენტაცია გამართა.

არასამთავრობო ორგანიზაცია 2022 წლის 1 თებერვლიდან 2023 წლის 1 იანვრის ჩათვლით თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებსა და პერფორმანსებს აკვირდებოდა.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend