საფრანგეთში მცხოვრები სტუდენტების 20 პროცენტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ფასებისა და ქირის ზრდის ფონზე საფრანგეთში, ისევე როგორც დანარჩენ ევროპაში, მცხოვრები სტუდენტები, სულ უფრო რთულ მდგომარეობაში არიან. თუმცა საფრანგეთი უფრო მეტად ეხმარება სტუდენტებს ფინანსურად, ვიდრე სხვა მრავლი ევროპული ქვეყანა. „ევრონიუსის“ რეპორტიორი ვალერი გორია შეხვდა რამდენიმე სტუდენტს, რომლებსაც თავის გატანა უჭირთ და იმ ასოციაციებს, რომლებიც ასეთ სტუდენტებს ეხმარებიან.
კოვიდის კრიზისიდან ენერგოკრიზისამდე
ბაპტისტესა და მუსტაფას თვალები უბრწყინავთ, რადგან ჩანთაში კივი უდევთ. „კივი ნამდვილი ფუფუნებაა,“ – გვიხსნის ბაპტისტე. ეს ორი ახალგაზრდა იმ ათასობით სტუდენტის რიცხვში არიან, რომლებიც პარიზში ასოციაცია Cop1-ისაგან იღებენ სურსათს. ეს ასოციაცია კოვიდის პანდემიის დროს შეიქმნა, რათა სტუდენეტბს დახმარებოდა.
Cop1-ის გენერალური მენეჯერი ჯეარ აი’ვენგი ამბობს, რომ არ ეგონა, თუ კიდევ მოუწევდა საქმიანობის გაგრძელება – „მაგრამ კომუნალური გადასახადების, ბუნებრივი აირის გადასახადებისა და სურსათზე ფასების ზრდის გამო ისევ ვაგრძელებთ ამ მომსახურებას. სტუდნეტებს სულ უფრო მეტად უჭირთ. ძალიან რთული ვითარებაა“.
გამოცდებზე ჩაჭრის რისკი
საფრანგეთის ქალაქ ლიონში მცხოვრებმა პირველი კურსის სტუდენტმა ელოდიმ სოციალური შემწეობა დაკარგა მას შემდეგ, რაც ორჯერ ჩაიჭრა გამოცდებზე პანდემიის კარანტინის დროს. ამის შემდეგ ელოდიმ რენის უნივერსიტეტში თავიდან ჩააბარა და ერთი თვის განმავლობაში საკუთარ მანქანაში უწევდა ძილი, სანამ ბინას იშოვიდა.
ეს გოგონა გენეტიკური დაავადებით იტანჯება, ნევროლოგიური დარღვევები და აუტიზმის სინდრომი აქვს; მაგრამ მისი სამედიცინო ხარჯები მხოლოდ ნაწილობრივ იფარება და სტუდენტური გრანტით ძლივს გააქვს თავი. ეს გარემოება აკადემიურ მოსწრებაზეც აისახა.
ელოდი კერიენი, ჰუმანიტარული მეცნიერებისა და ბრეტონის შემსწავლელი ფაკულტეტის სტუდენტი:
“დაახლოებით 590 ევრო მაქვს თვეში. ბინისა და კომუნალური ხარჯების თანხა არ მეძლევა, ამიტომ 300 ევროს ქირაში ვიხდი. თვეში 100-დან 170 ევრომდე სამედიცინო ხარჯი მაქვს. ამიტომ საკვებზე დაახლოებით 30 ევრო მრჩება. სურსათისა და სხვა ნივთებით დახმარების გარეშე თავს ვერ გავიტანდი. ლექციებსა და სემინარებში ვეღარ ვმონაწილეობ. ლექციის დროს მეძინება, ზოგჯერ ვაცდენ, რომ სოციალურ მუშაკთან მივიდე ან სურსათის განაწილებაზე. არ ვიტყუები, ხშირად, როდესაც სახლში მივდივარ, ვტირი და მერე ისევ ვაკეთებ ყველაფერს, რაც გასაკეთებელია. გაბედული უნდა იყო!“
საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე საფარნგეთის მესამე ყველაზე დიდი ქალაქი ლიონი ერთ-ერთია იმ ფრანგული ქალაქებიდან, რომლებშიც ცხოვრება ძვირია. ამ ქალაქში სტუდენტებს სულ უფრო უჭირთ თავის გატანა. სასურსათო დახმარების გარდა, მათ სოლიდარული მაღაზიის იმედი აქვთ, რომელთაც ქალაქის სტუდენტური ფედერაცია GAELIS-ი მართავს. ამ მაღაზიაში სტუდენტები 10 პროცენტით იაფად ყიდულობენ პროდუქტს.
ლორა მორინი, სტუდენტური ფედერაცია GAELIS-ის პრეზიდენტი განმარტავს:
“ის უსახსრობა, რომელსაც სტუდენტებს შორის ვხედავთ, უზარმაზარი ფსიქოლოგიური ტვირთია მათთვის. არიან სტუდენტები, რომლებიც იძულებული არიან იმუშაონ. მაგრამ ახლა უკვე ვიცით, რომ სწავლასთან ერთად 12-საათიანი სტუდენტური შრომის შემდეგ, გამოცდებზე ჩაჭრის რისკი სამჯერ იზრდება.“
საფრანგეთის მთავრობამ სულ ახლახან 10 მილიონი ევრო გადასცა იმ ასოციაციებს, რომლებიც სტუდენტებისთვის სურსათის განაწილების ორგანიზებას ახერხებენ. სტუდენტურ კავშირსა და მთავრობას შორის მიმდინარეობს კონსულტაცია სტუდენტური საგრანტო სისტემის რეფორმის თაობაზე, მაგრამ კონკრეტული ცვლილება უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის.
ავტორი: ვალერი გორია