მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სხვადასხვა ეკონომიკურ თუ სოციალურ საკითხთან ერთად, ანაკლიის პორტის მშენებლობის თემაც განიხილა.
მისი თქმით, პორტის მშენებლობა წელს უნდა დაიწყოს, რისთვისაც მისივე განცხადებით ეკონომიკის სამინისტრო მოწოდების სიმაღლეზეა. პრემიერმა ასევე თქვა, რომ წელს მსხვილი ჰესების პროექტსაც დაიწყებენ.
“გვინდა, წელსვე დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა, ამის თაობაზე ვმუშაობთ, ეკონომიკის სამინისტრო არის მოწოდების სიმაღლეზე.
ასევე, ინფორმაციისთვის მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ ახლა ვმუშაობთ ხუდონის პროექტის მოდიფიცირებაზე. რას ვგულისხმობ, მოგეხსენებათ – ჩვენთვის ყველასთვის იყო საკმაოდ მგრძნობიარე საკითხი, ვინაიდან არსებული პროექტის მიხედვით, იქ იყო გათვალისწინებული სოფლის დატბორვა, საფლავების, ეკლესიის, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იქნებოდა. ამიტომ ჩემი დავალებით ახლა ვმუშაობთ ახალ პროექტებზე, რომელიც ისე უნდა აშენდეს, რომ თუ განხორციელდება, დატბორვა აღარ იყოს აუცილებელი. შესაძლოა, სიმძლავრემ ოდნავ დაიკლოს, შემცირდეს, მაგრამ ჩვენი ექსპერტები გვეუბნებიან, რომ გამომუშავება თითქმის შეიძლება იგივე იყოს. ამიტომ, თუ ეს მოხდება, იქნება ძალიან სასიხარულო.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ასეთი მსხვილი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ სახელმწიფოს, ანუ მთავრობის თანამონაწილეობით. ჩვენ უნდა ვიყოთ წამყვანი ამ პროექტებში, რადგან ეს არის საერთო ეროვნული მნიშვნელობის მსხვილი სახელმწიფო პროექტები“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა მთავრობის სხდომაზე, განსაკუთრებული აქცენტები სამომხმარებლო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე არსებულ მაღალ ფასებთან დაკავშირებით გააკეთა და შესაბამის უწყებებს არსებულ ვითარებაში გასარკვევად ორკვირიანი ვადა მისცა.
“ძირითადი პროდუქტები დავამუშავებინე. მაგალითად ვიტყვი, ბრინჯი იქნება, წიწიბურა, მაკარონი, შაქარი, მარილი თუ ზეთი, აღმოჩნდა, რომ საბითუმო ფასებზე (ვგულისხმობ საბითუმოს, არ ვამბობ გასაყიდ ფასს) 70, 60, 50, 80 პროცენტი არის ფასნამატი. ამას ემატება შემდეგ უკვე საცალო ფასნამატი, სულ მცირე 25-30 პროცენტი. გამოდის, რომ, ჯამში, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს თითქმის ასპროცენტიანი ფასნამატით უწევს ამ პროდუქტების შეძენა, რაც, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია.
დღეს მთავრობის სხდომაზე ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს, ასევე, სოფლის მეურნეობის მინისტრს დავავალო, რომ სასწრაფოდ გააკეთოთ სამუშაო ჯგუფი, დაიბაროთ ყველა მსხვილი იმპორტიორი, დაიწყოთ ამ საკითხების შესწავლა და მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება. მაქსიმუმ ორ კვირაში უნდა მქონდეს მაგიდაზე სრული სურათი, შესაბამისი გამოსავლის გზებით”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, არ შეიძლება, ერთ ლიტრ ბენზინზე 80-90- თეთრიანი, თითქმის 1 ლარის ღირებულების ფასნამატი იყოს.
„მჯერა, რომ ჩვენი თანამოქალაქე იმპორტიორები ხალხის მდგომარეობას გაითვალისწინებენ და ფასებს შეამცირებენ. ამ საკითხს მუდმივი ყურადღება და მონიტორინგი სჭირდება, რათა ცდუნება არ გაჩნდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ალეკო გვეტაძე