აღმოსავლეთ უკრაინაში, ქალაქ ბახმუტში, ღამით დაბომბვის ხმა ორივე მხრიდან ისმის.
ადგილობრივები იძულებული არიან, მიწისქვეშა თავშესაფრებში გადავიდნენ. ერთ-ერთ სარდაფში 6 ბავშვი და 20 ზრდასრული ადამიანია.
პატარა გოგონა უკვე 6 თვეა თავშესაფარში ცხოვრობს ბებიასა და ბაბუასთან ერთად. დედა კი იმ ერთ-ერთ ქალაქში ჩარჩა, რომელიც ახლა რუსებს უკავიათ.
პატარა გოგონა ჰყვება, რომ მათი სახლის მოპირდაპირე მხარე დაიბომბა. შიშის განცდა ახლაც აქვს. ბახმუტში მას უარესი ვითარება დახვდა. თუმცა საკუთარი თავი დაარწმუნა, რომ გადარჩენა შეუძლია. გოგონა ცდილობს, ბომბებსა და ნგრევაზე აღარ იფიქროს.
თავშესაფარში მყოფების თქმით, ახლა ყველგან სახიფათო მდგომარეობაა, საფრთხე მთელ უკრაინაშია, თუმცა ბახმუტში საკუთარ სახლებში მაინც არიან.
ერთ-ერთი უკრაინელი ჯარისკაცი ამბობს, რომ ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ გამაგრებული ჰქონდათ პოზიციები. თუმცა ახლა იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ. მას მიაჩნია, რომ საუკეთესო ჯარისკაცებს ძალების აღდგენის საშუალება უნდა მიეცეთ, რათა მტერმა მათი ძალა იგემოს.
დღის განმავლობაში საკვებისა და სხვა საჭიროებების ძიებაში ადგილობრივებს მაინც უწევთ თავშესაფრების დატოვება, თუმცა რისკი ყოველთვის არსებობს. ისინი ცდილობენ, მეტ-ნაკლებად მაინც შეინარჩუნონ სიმშვიდე.
თავშესაფრიდან მხოლოდ მცირე ხნით თუ გამოდიან. ერთ-ერთი ხანში შესული ქალი ამბობს, რომ, როდესაც თავშესაფარში ბრუნდება, ერთ კონკრეტულ ადგილას ჯდება და ლოცულობს.