მთავარი ევროპა უკრაინა "20 დღე მარიუპოლში"- დოკუმენტური ფილმის პრემიერა "სანდენსის" კინოფესტივალზე

“20 დღე მარიუპოლში”- დოკუმენტური ფილმის პრემიერა “სანდენსის” კინოფესტივალზე

მსტისლავ ჩერნოვი ის ვიდეოჟურნალისტია, რომლის წყალობითაც მსოფლიომ რუსი სამხედროების მიერ მარიუპოლში ჩადენილი სისასტიკეები იხილა.

ის, ფოტოგრაფი ევგენი მალოლეტკა და პროდიუსერი ვასილისა სტეპანენკო იყვნენ ერთდათერთი ჟურნალისტები, რომლებიც ალყაში მოქცეულ ქალაქში დაბომბვების ფონზე 20 დღის განმავლობაში მუშაობდნენ.

მსტისლავ ჩერნოვი ყვება, რომ მარიუპოლში ყოფნის დროს ოცთდაათსაათიანი მასალა გადაიღო, თუმცა კავშირის არქონის გამო, რედაქციაში გადაღებული კადრების მხოლოდ ნაწილის გაგზავნა შეძლო.

„საშინელი კავშირის ან საერთოდ მისი არარსებობის გამო მხოლოდ 40 წუთის გამოგზავნა შევძელით. რა თქმა უნდა, ის კადრები, რომლებიც გამოვგზავნეთ ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კადრები ათასობით საინფორმაციო გამოშვებაში მოხვდა. მაგრამ ჩვენ ბევრად მეტი მასალა გვქონდა და ამავე დროს თავს დამნაშავედ ვგრძნობდით, რადგან ქალაქს ვტოვებდით და ვიცოდით, რომ იქ აღარავინ დარჩა, ჟურნალისტები საერთოდ აღარ იყვნენ იქ. მეორე დღეს მარიუპოლის დრამატული თეატრი ააფეთქეს. აფეთქების შემდეგ, არავითარი ინფორმაცია არ იყო, არც ვიდეო არსებობდა, არც ფოტო. ამიტომ განადგურებულები ვიყავით, ჩვენ ვიცნობდით იმ ადამიანებს, რომლებიც იქ დაიღუპნენ“, – იხსენებს მსტისლავ ჩერნოვი

ამის შემდეგ მსტისლავ ჩერნოვმა გადაწყვიტა, რომ დოკუმენტური ფილმი გააკეთოს და მაყურებელს მარიუპოლში დატრიალებული ტრაგედიის მასშტაბები აჩვენოს.

„20 დღე მარიუპოლში“, ასე ჰქვია ფილმს, რომლის პრემიერაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, „სანდენსის“ კინოფესტივალზე გაიმართა.

„პირველად ვიხილე ფართო აუდიტორიის რეაქცია ფილმზე, იმედი მქონდა, რომ ემოციური გამოხმაურება ექნებოდა, და ასეც მოხდა. ამავე დროს იმის ყურება როგორ ტირიან ადამიანები ძალიან რთულია როდესაც აუდიტორიას 90 წუთით ამ ქაოსსა და ძალადობას აყურებინებ, არის რისკი რომ ადამიანებს შოკი ექნებათ, მაგრამ ამავე დროს ძალიან გინდა რომ ისე აჩვენო ყველაფერი, როგორც სინამდვილეში იყო“ – ყვება მსტისლავ ჩერნოვი

მარიუპოლის დატოვების შემდეგ ჩერნოვმა აღმოაჩინა, რომ მისმა გადაღებულმა კადრებმა, მსოფლიოს მასშტაბით დიდი გავლენა მოახდინა. ექიმებმა და ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ გავრცელებულმა კადრებმა გავლენა იქონია მწვანე დერეფანი გახსნილიყო და მოსახლეობას იქაურობა უსაფრთხოდ დაეტოვებინა.

„ამ კადრების შემდეგ უფრო მარტივი იყო მწვანე დერეფნის გახსნაზე მოლაპარაკებები. მინდა მჯეროდეს, რომ რაღაც მართლა შევცვალეთ, რადგან ვფიქრობ, რომ სწორედ ამაში მდგომარეობს ჟურნალისტიკის როლი“ – ამბობს მსტისლავ ჩერნოვი

ახლა ერთადერთი რაც მსტისლავ ჩერნოვს სურს, არის ის, რომ საკუთარ საქმიანობას დაუბრუნდეს. როგორც ამბობს, „სანდენსის“ კინოფესტივალის შემდეგ, საკუთარ გუნდთან ერთად ფრონტის ხაზზე გამგზავრებას და მუშაობის გაგრძელებას აპირებს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend