მთავარი გადაცემები Smart Regions სამსახურში დაბრუნება: როგორ დგები ფორმაში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ?

სამსახურში დაბრუნება: როგორ დგები ფორმაში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ?

კიბოთი დაავადებული ადამიანების სამსახურთან დაკავშირებული  ტაბუ ნელ-ნელა ირღვევა. ერთ-ერთი ევროპული პროექტის ფარგლებში პაციენტებთან, კომპანიებთან და მომვლელებთან ერთად შეიქმნა პროგრამა, რომელიც  დიდი ხნით დაავადებულ ადამიანებს დაეხმარება, დარჩნენ ან დაბრუნდნენ სამსახურში, თუკი ამის სურვილი აქვთ. ასეთია,   მაგალითად, სანდრინი.

„ეს ისეთი დაავადებაა, რომ ძალიან სწრაფად ვარდები დეპრესიაში,“ – ამბობს სანდრინ მორიზე, პაციენტი და ბანკის ფილიალის მენეჯერი. „მაგრამ როდესაც ვიცით, რომ კარგ გარემოში ვართ და გვყავს ისეთი დამსაქმებლები, რომლებსაც ესმით ჩვენი და გვერდით გვიდგანან, ეს გიჩენს სურვილს, რომ გამოჯანმრთელდე და წინ იარო“.

სანდრინი მკერდის სიმსივნეს საფრანგეთის  ქალაქ ლილში ოსკარ ლამბრეს საავადმყოფოში მკურნალობს. მისი გამოჯანმრთელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში დაბრუნდეს. სანდრინი და მისი ონკოლოგი ლორენს ვანლემენსი მონაწილეობენ პროექტში „მე ვიცი, როგორ…“ ეს ევროპული საპილოტე პროექტი მიზნად ისახავს, რომ 15 პროცენტით გაზარდოს იმ ხანგრძლივად დაავადებული პაციენტების რაოდენობა, რომელთაც სამსახურებში სურთ დაბრუნება.

პაციენტის მხარდაჭერა ადრეულ ეტაპზე

ამ პროექტის ნაწილია დაბეჭდილი და ციფრული ბროშურა, რომელიც  13 ბარათისაგან შედგება და შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ როგორ იქცევა,  რომელ ლინკზე დევს საჭირო ინფრომაცია და პაციენტების გამოხმაურება.

დოქტორი  ლორენს ვანლემენსი, ოსკარ ლამბრეს საავადმყოფოს  ონკოლოგი:

„აქ არის ბარათები, რომლებიც გეხმარება ისეთი საკითხის გადაჭრაში, როგორიცაა, მაგალითად, გაუმხილო  თუ არა შენი ამბავი შენს დამსაქმებელს? პაციენტს შეუძლია პირდაპირ საჭირო ლინკს დააჭიროს. მაგალითად, მათ შეუძლიათ, გადავიდნენ საიტზე „ამელი“, რათა ნახონ, თუ რას ნიშნავს გამოჯანმრთელებამდე დანიშნული ვიზიტი… ამის მიზანია, რომ პაციენტებს ადრეულ ეტაპზე დაეხმარონ მათთვის მისაღები ფორმის არჩევაში“.

ამ პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 4 მილიონ ევროზე მეტია, აქედან 2 მილიონ 400 ათასს ევროპის რეგიონული განვითარების პოლიტიკა აფინანსებს. საპილოტე პროექტში მონაწილეობას იღებენ საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდები და გაერთიანებული სამეფო –  ამ ქვეყნების მომვლელები, ქალაქები, კომპანიები და ასობით მოხალისე პაციენტი.

სამსახურის თანადგომა

სანდრინი სამსახურში დაბრუნდა.  პროექტის სხვადასხვა მონაწილესთან ერთად, პროექტის ფარგლებში იქმნება გზამკვლევი კომპანიებისთვის. ეს დოკუმენტი იძლევა ინფორმაციას და რჩევას, თუ როგორ შეათავსონ კომპანიის მოთხოვნები დაქირავებულის პერსპექტივებთან, რაშიც დიდი როლი მიუძღვის კადრების მმართველს.

„ყოყმანის გარშე უნდა ისაუბრო ყველაფერზე,“ – ამბობს  არნო შვარცჰაუპტი, კომპანია CIC NORD OUEST-ის კადრების განყოფილების უფროსი თანამშრომელი. „მათ შორის დასაქმებულთან ერთად. რადგან ასეთ შემთხვევაში ამ საკითხის მართვასთან დაკავშირებით სულ უფრო ნაკლები ტაბუ იქნება. დასაქმებულსაც შეუძლია წინადადებები შემოგვთავაზოს, თუ როგორ შეიძლება დაბრუნდეს სამსახურში და ჩვენ არაფერზე უნდა ვთქვათ უარი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დასაქმებული უკან დავაბრუნოთ, თუკი მას ამის სურვილი აქვს. თუ მას სურვილი არ აქვს, ყველაფერი უშედეგოა“.

სამუშაო ფორმატის სამკუთხედი, რომელშიც შედიან ექიმი, პაციენტი და კომპანია, ბოლოს ტრენინგით სრულდება.  პარტნიორები ერთმანეთს უზიარებენ საუკეთესო გამოცდილებას.

„ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი კანონმდებლობასთან, კულტურასთან, სამსახურში დაბრუნებასა და ადამიანის ცხოვრებაში სამსახურის მნიშვნელობასთან დაკავშირებით,“ – ამბობს იზაბელ ვიმესი, პროექტის „მე ვიცი, როგორ“ მენეჯერი.

პროექტი „მე ვიცი, როგორ“ მომავლისკენ ერთად სვლას გულისხმობს.

ავტორი: ავრორა ველესი

უახლესი

სხვა ამბები

სამსახურში დაბრუნებასამსახურში დაბრუნება
Send this to a friend