მთავარიმსოფლიოNATOნატოს აღმოსავლეთი ფლანგი

ნატოს აღმოსავლეთი ფლანგი

ნატოს სამხედრო საჰაერო ძალების კუთვნილი სამი სამხედრო სადამკვირვებლო საჰაერო ხომალდებიდან ერთ-ერთი უკვე რუმინეთში მდებარე სამხედრო ბაზაზეა.

ამ სამხედრო საჰაერო ხომალდების დანიშნულება უკრაინაში მიმდინარე ომში რუსული სამხედრო აქტივობის შესწავლაა.

„რუსეთის მიერ წარმოებული დაუნდობელი ომი უკრაინის წინააღმდეგ, მშვიდობიან მოსახლეობაზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა გვაიძულებს ვიყოთ ძლიერნი. ნატომ დაამტკიცა, რომ უკანდახევას არ ვაპირებთ, ნატო ომის პირველივე დღიდან მედგრად დგას და ეს სამხედრო სადამკვირვებლო მისია ჩვენი ნების კიდევ ერთი გამოხატულებაა, მზად ვართ ალიანსის ტერიტორია დავიცვათ“, – განაცხადა რუმინეთში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა პიირ გებაუერმა.

ნატოს სამხედრო სადამკვირვებლო საჰაერო ხომალდები, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტის სიახლოვეს მდებარე სამხედრო ბაზაზე იქნებიან განლაგებულნი,  სამხედრო მისია რამდენიმე კვირას გასტანს.

„ამ სამხედრო სადამკვირვებლო საჰაერო ხომალდების სახით ნატოს ძლიერი ინსტრუმენტი აქვს არსენალში, მათი მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია როგორც სახმელეთო ასევე საზღვაო სამიზნეებზე დაკვირვება. ჩემი ქვედანაყოფი სრულ მზადყოფნაშია და მისიის შესრულებას მალე დავიწყებთ“, – ამბობს ბრიგადის გენერალი შტეფან ნოიმანი.

სამხედრო სადამკვირვებლო საჰაერო ხომალდებს ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედროები ცაში თვალებს უწოდებენ, ეს საჰაერო ხომალდები, როგორც წესი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ბაზებზე არიან განლაგებულნი.

„ეს აღმოსავლეთის ფლანზე მოკავშირეებს შორის მდგრადი თანამშრომლობის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია. ვიტყოდი რომ ეს სამხედრო სადამკვირვებლო საჰაერო ხომალდები ნატოს არსენალში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტია, რომელიც რუმინეთში დისლოცირებულ სახმელეთო ჯარებს მეტად წაადგება“, – მიიჩნევს რუმინეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური დანიელ პეტრეშკუ.

2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყების შემდეგ ნატო აღმოსავლეთი ევროპაში სამხედრო რესურსებს ეტაპობრივად ზრდის.


უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend