აშშ-ის კონგრესის კომიტეტმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომ გამოქვეყნდეს დონალდ ტრამპის საგადასახადო დეკლარაციები.
ყოფილი პრეზიდენტი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, ინფორმაცია საიდუმლოდ დარჩენილიყო.
დოკუმენტებში საინტერესო ინფორმაციაა დონალდ ტრამპის ფინანსებთან დაკავშირებით. ტრამპი თავს ყოველთვის გამოცდილ ბიზნესმენად წარმოაჩენდა. ამ დოკუმენტებით შესაძლოა გამოაშკარავდეს ფინანსური ვალდებულებები, მათ შორის საგარეო ვალები, რომლებმაც მის მმართველობაზეც იქონია გავლენა.
კენჭისყრა უკანასკნელი შესაძლებლობა იქნება დემოკრატებისთვის, რომ გასაჯაროვდეს დონალდ ტრამპის დეკლარაციები. ეს კი მანამდე უნდა მოხდეს, ვიდრე მომავალ წელს რესპუბლიკელები კონგრესში უმრავლესობით მოვლენ.
ახლა რთული პერიოდია ყოფილი პრეზიდენტისთვის, რომელსაც სურს, რომ კიდევ ერთხელ იყაროს კენჭი თეთრ სახლში მოსახვედრად.
ამასთანავე, ტრამპის ორგანიზაციას ცოტა ხნის წინ საგადასახადო თაღლითობაში დასდეს ბრალი, ხოლო 2021 წლის 6 იანვრის კაპიტოლიუმის თავდასხმის შემსწავლელმა კომიტეტმა იუსტიციის დეპარტამენტს რეკომენდაციით მიმართა, რომ ბრალი წაუყენონ ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებას ცდილობდა.