უკრაინის ახალგათავისუფლებულ რეგიონში, ბავშვებისთვის საახალწლო საჩუქრებს „წმინდა ნიკოლოზის მატარებელი“ ჩაიტანს, რომელიც კიევის ცენტრალური სადგურიდან გადის. მატარებელი 30 000 საჩუქრით არის დატვირთული, რომელიც იმ პატარებისთვისაა განკუთვნილი, რომელთაც რუსული ოკუპაციის სისასტიკე საკუთარი თვალით ნახეს.
ეს უკრაინის რკინიგზის, სოციალური პოლიტიკის სამინისტროსა და UNICEF-ის ერთობლივი ინიციატივაა.
საჩუქრების გარდა ორგანიზაცია 123 000 დაზარალებულ ოჯახს ფულით დაეხმარება, რათა შობას, რომელსაც უკრაინა წელს პირველად, 25 დეკემბერს აღნიშნავს, ბავშვები დადებითი ემოციებით შეხვდნენ. იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მათ გადაიტანეს.
მეტროებში, თავშესაფრებში, წინააღმდეგობის სიმბოლო აზოვსტალში, საკუთარი სახლების სარდაფებში, მაშინ როცა ახლობელი ადამიანების დაკრძალვას უყურებდნენ, ან მაშინ, როცა თავად უწევდათ ოჯახზე ზრუნვა, რადგან მათი მამები ომში წავიდნენ. ამ ერთ წელიწადში, როცა ისინი მოულოდნელად დიდები გახდნენ.
უკრაინის რკინიგზის ხელმძღვანელი, ოლექსანდრ კამიშინი ამბობს: „დღეს დიდი დღეა ჩვენთვის, რადგან ჩვენ ვუშვებთ წმინდა ნიკოლოზის მატარებელს. ეს მატარებელი 30 ათასზე მეტ საახალწლო საჩუქარს ჩაუტანს ბავშვებს ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ბავშვების საშობაო განწყობამ რუსული რაკეტების ძალას აჯობოს.“