მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც ტოქსიკოლოგიურ კვლევებზეა საუბარი.
ტექსტში აღნიშნულია, რომ მესამე პრეზიდენტს 2022 წლის 31 მაისს ლაბორატორიაში “მრჩეველი”, ჩაუტარდა პირველი ტოქსიკოლოგიური კვლევა, რომლის მიხედვითაც ყველა მაჩვენებელი ნორმაში იყო.
ასევე, განცხადებაში წერია, რომ ნოემბერში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მხრიდან კვლავ გაჟღერდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ, თუმცა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მორიგი ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარებაზე უარი თავად მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
პენიტენციური სამსახურის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამის შემდგომ გარკვეულმა მედიასაშუალებებმა ცენტრ “ემპათიას” კონფიდენციალური დასკვნა ნაწილობრივ გაასაჯაროვეს. მათი მიზანი იყო წარმოეჩინათ, თითქოს მიხეილ სააკაშვილი მოწამლეს.
პენიტენციური სამსახური ამ განცხადებით მოუწოდებს მხარეებს, რომ თავი შეიკავონ კონფიდენციალური დოკუმენტის ნაწილობრივ გასაჯაროებისგან, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ეს დოკუმენტი სასამართლომ უნდა განიხილოს.
“სიტუაციის ხელოვნურად დამძიმება წარმოადგენს სასამართლო განხილვების წინ დაძაბული ფონის შექმნის კიდევ ერთ დამატებით მცდელობას, რაც სასამართლოზე ზეწოლის თვალსაჩინო მაგალითია. კატეგორიულად მოვუწოდებთ დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავოს საკუთარი მოთხოვნით კონფიდენციალურად ცნობილი, დასკვნის ფრაგმენტული მონაკვეთების გამჟღავნებისგან, პატივი სცეს საზოგადოებას და კონსტიტუციურ წესრიგს”, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.