რუსული არმიის მიერ, ირანული წარმოების სამხედრო დრონებით კიევზე მიტანილი იერიშის შედეგად, ხუთი შენობა დაზიანდა, შეტევის შედეგად არავინ დაშავებულა.
თავდასხმის შედეგად დაზიანებული ტერიტორიის გაწმენდა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა მალევე დაიწყეს.
ანტონ რუდიკოვის ოჯახს კი თავდასხმის მომენტში ეძინა.
„გვეძინა, როდესაც აფეთქების ხმა გაისმა. ბავშვები საძინებელში იყვნენ და ფანჯრებზე საბედნიეროდ ფარდები იყო ჩამოფარებული და ჩამსხვრეული მინა ოთახში არ შემოყრილა. მადლობა ღმერთს, ბავშვები გადარჩნენ, ისინი შეშინებულნი იყვნენ, მეტი რა ვთქვა, ბინა დაზიანებულია, მაგრამ მადლობა ღმერთს ბავშვები გადარჩნენ“, – იხსენებს კიევის მკვიდრი ანტონ რუდიკოვი.
უკრაინის დედაქალაქს რუსულ არმია სამხედრო დრონებითა და სარაკეტო ძალებით ხშირად უტევს. აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში მდებარე ქალაქები, ბახმუტი და ხერსონი კი უფრო ხშირად ხდებიან რუსი სამხედროების სამიზნეები.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული მხარის მიერ გამოყენებული ცამეტივე სამხედრო დრონი უკრაინულმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.
„დღეს დილით მტერმა 13 სამხედრო დრონით შემოგვიტია, ცამეტივე ჩამოვაგდეთ. ძვირფასო მოქალაქეებო გთხოვთ საჰაერო განგაშს ყურადღება მიაქციოთ. გისურვებთ ჯანმრთელობას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ირანული წარმოების სამხედრო დრონებით შეტევის შემდეგ დედაქალაქში სიმშვიდემ მალევე დაისადგურა.