კიევში საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო მოსახლეობა მეტროსადგურებს აფარებს თავს. განგაშის ხმა უკრაინის რამდენიმე რეგიონში გაისმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება თავშესაფრიდან გამართულ ონლაინპრესკონფერენციაზე მოუწოდებს მოკავშირეებს, დაეხმარონ უკრაინას და გაუგზავნონ მეტი იარაღი.
მძიმე ზამთრისა და უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების მიუხედავად, უკრაინელების მიზანია, შეინარჩუნონ კიევის სამხედრო წინსვლა.
„უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება იარაღი და საბრძოლო მასალა. ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის რუსული ტერორისგან დაცვის საუკეთესო გზა რუსეთის დამარცხებაა, ჩვენ გვჭირდება მეტი საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემა, საბრძოლო მასალა და ჯავშანტექნიკა“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.
აშშ-მ უკრაინელი ლიდერების მოთხოვნა გაითვალისწინა და მზად არის, უკრაინაში „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო ბატარეა გააგზავნოს.
გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს დაამტკიცებენ და ხუთშაბათს განაცხადებენ. ამის შესახებ ისაუბრა, რამდენიმე ოფიციალურმა პირმა, რომელთა ანონიმურობაც დაცულია, რადგან გადაწყვეტილება არ არის საბოლოო და ინფორმაციაც არ არის საჯარო.
„როდესაც ვსაუბრობთ უკრაინის საჭიროებებზე, ჩვენ განვიხილავთ უსაფრთხოების დახმარების სრულ სპექტრსა და თავდაცვით შესაძლებლობებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ჩვენს საერთო ინვენტარში“, – განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა პეტ რაიდერმა.