მთავარისაქართველოანდრიი კასიანოვი: ერთი თვის წინ ვთხოვეთ საქართველოს გენერატორები, პასუხი ხელისუფლებისგან არ მიგვიღია

ანდრიი კასიანოვი: ერთი თვის წინ ვთხოვეთ საქართველოს გენერატორები, პასუხი ხელისუფლებისგან არ მიგვიღია

საქართველოში უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, ქვეყანაში ელჩის დანიშვნის საკითხი შიდასახელმწიფოებრივი აქტის მომზადების ეტაპზეა და ელოდებიან, რომ პროცესი 2023 წლის თებერვლამდე დასრულდება

საქართველოში უკრაინის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრიი კასიანოვმა დღეს წლის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა, რომელზეც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უპასუხოდ დატოვებულ დახმარების თხოვნებზე ისაუბრა. კასიანოვის თქმით უკრაინის საელჩოს საქართველოს მთავრობას გენერატორების გამოყოფა თხოვა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. ანდრიი კასიანოვმა ასევე ისაუბრა საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის საკითხზეც. მისი თქმით ელჩის დანიშვნის საკითხი შიდასახელმწიფოებრივი აქტის მომზადების ეტაპზეა და ელოდებიან, რომ პროცესი 2023 წლის თებერვლამდე დასრულდება.

„უკრაინას ამჟამად უკიდურესად სჭირდება დახმარება ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენაში – გენერატორებიდან და ტრანსფორმატორებიდან დაწყებული, რათა უზრუნველვყოთ განათება საავადმყოფოებისთვის, სახლებისთვის და სკოლებისთვის. კრემლი გეგმავს უკრაინელები სიცივით გაანადგუროს. ერთი თვის წინ ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას შესაბამისი თხოვნით, თუმცა, სამწუხაროდ, დადებითი პასუხი დღემდე არ მიგვიღია.

საქართველოს ხელისუფლებისგან ომის დაწყების შემდეგ, “მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად”, საელჩოს პასუხი არც უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და სხვა ტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით არ მიუღია.

ჩვენ ყოველთვის გულწრფელნი ვიყავით ჩვენს განზრახვებში. კვლავ გვჯერა, რომ სამხედრო დახმარებისთვის უკრაინის მიმართვა მოძმე საქართველოსადმი იმ დროს, როდესაც საუბარი მიდიოდა გადარჩენა-არგადარჩენაზე, სიცოცხლესა და სიკვდილზე, სრულიად იყო გამართლებული, სამართლიანი და აუცილებელი, რადგან ერთ დროს უკრაინის მთავრობა დაეხმარა ქართველი დევნილებს ევაკუაციაში… სვანეთის მთებში, გაუწია საქართველოს უძლიერესი ჰუმანიტარული დახმარება 1993 წელს, ასევე სამხედრო-ტექნიკური და პოლიტიკური დახმარება 2008 წელს.

უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება იარაღი, საბრძოლო მასალა და სამხედრო ტექნიკა. არა მხოლოდ თანამედროვე, ახალი იარაღი, მოძველებული საბრძოლო მასალაც კი ღირებულია ამ ომში უკრაინისთვის.

ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ ისარგებლა ამ შესაძლებლობით – მოიშორა და მოგვაწოდა მოძველებული იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელთა შენახვის ვადა უახლოვდება გამოყენების ზღვარს და მოითხოვდა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს მათი უტილიზაციისთვის. ამას ხაზს უსვამს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორ ქვეყნებთან მრავალმხრივი და ორმხრივი გამოსვლების დროს. დიდი ოცეულის სამიტზე თავის გამოსვლაში, რომელიც ახლა G-19-ის სამიტად გადაიქცა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი დაინტერესებულია აგრესიით, ჩვენ უნდა ვიყოთ დაინტერესებული ტერორიზმის შეწყვეტით.

უკრაინას სჭირდება მორალური მხარდაჭერაც, მაგრამ ჩვენ დღემდე არ მიგვიღია ოფიციალური პასუხი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისგან განმეორებით ოფიციალურ მოწოდებაზე, რათა აღვნიშნოთ უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების მამაცობა. დღეს, 6 დეკემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს, უკრაინისა და საქართველოს გმირების ქუჩების გახსნა იქნებოდა კარგი შესაძლებლობა, რომ პატივი მიგვეგო ყველა იმ უკრაინელი და ქართველი ჯარისკაცისთვის, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს ჩვენს დასაცავად.

დღეს უკრაინელი ჯარისკაცების გვერდიგვერდ როგორც უკრაინის, ისე საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ქართველი მოხალისეები იბრძვიან. ისინი იბრძვიან არა მხოლოდ ქართული ეროვნული ლეგიონის შემადგენლობაში, არამედ უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა შეიარაღებულ ფორმირებებში და ისინი დღესაც სრულუფლებიანად აღნიშნავენ უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს.

სამწუხაროდ, დღეს ეს დღესასწაული მიმდინარე წლის 3 დეკემბერს ბახმუტთან რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში ქართველი მოხალისეების დაღუპვამ დაჩრდილა. ბახმუტთან ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ ქართველი მებრძოლები –  ავთო რურუა, როლანდ კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ბადრი მარკელია. ჩვენ ქედს ვიხრით მათ წინაშე და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებს.

სამწუხაროდ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ბარბაროსული აგრესიის შედეგად 33-მა ქართველმა გმირმა უკვე გაწირა სიცოცხლე, ჩვენი საერთო მტრისგან უკრაინისა და საქართველოს დასაცავად. ჩვენთვის ისინი ნამდვილი გმირები არიან და მათი ხსოვნა დარჩება მილიონობით უკრაინელის გულში სამუდამოდ.

აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ უარვყოფთ ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის მცდელობასთან დაკავშირებით. ძალიან შეშფოთებულნი ვართ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ამ თემაზე მუდმივი ბრალდებებითა და სპეკულაციებით”, – განაცხადა ანდრიი კასიანოვმა, საქართველოში უკრაინის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend