უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 3 დეკემბერს გავრცელდა. ორი დღეა, სოციალურ ქსელში მომხმარებლები სამძიმარს უცხადებენ დაღუპულების ოჯახს, თუმცა ამასთანავე გაჩნდა პროტესტი, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს ოფიციალური სამძიმარი ჯერ არ გამოუცხადებია.
მოძრაობა „სირცხვილია” მთავრობას გლოვის დღის გამოცხადებას სთხოვს. ამასთან დაკავშირებით გუშინ, 4 დეკემბერს 9 აპრილის მემორიალთან აქცია გაიმართა.
4 დეკემბერს, საღამოს ტელეკომპანია „იმედის” ეთერში კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გიორგი ვოლსკიმ, რომლის თქმითაც ის უსამძიმრებს დაღუპულების ოჯახებს, ამასთან აღნიშნავს, რომ ოპოზიცია დაღუპულ მეომრებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
„პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ არათუ ხელისუფლების წარმომადგენლები, გულწრფელად, უამრავი ადამიანი განიცდის. მთელი გულით, სულით იმ ხალხთან ვართ, ოჯახის წევრებთან ვართ, ვინც გლოვობს. რა საკვირველია, პირადად მეც ვუსამძიმრებ. ამ ფონზე, ცხედრის გარშემო მგლოვიარე ხალხი – ცოლი, დედა, ოჯახის წევრები, ბავშვები – უყურებს ამ სამარცხვინო პოლიტიკურ სპეკულაციას, რაც მეც პირადად, ჩემს მეგობრებსაც, გუნდის წევრებსაც, გვბოჭავს, რომ გავაგრძელო ამ თემაზე ლაპარაკი”, – ამბობს ვოლსკი.
აღსანიშნავია, რომ სამძიმარი გამოუცხადა დაღუპული მეომრების ახლობლებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
„დღეს ხუთი ქართველი დაიღუპა ბახმუტთან ბრძოლაში. ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს“, – აცხადებს ზურაბიშვილი.
დიდი გამოხმაურება და ოცი ათასზე მეტი მოწონების რეაქცია ჰქონდა ყოფილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის შოთა არველაძის სტატუსს.
„თუ ასე უერთმანეთოდ, შეურიგებლად და უმისამართოდ ვაპირებთ ცხოვრების გაგრძელებას, თუ იქამდე მივალთ, რომ დაღუპული ხალხის მშობლებს თანადგომას არ ვაგრძნობინებთ და ღირსეული შვილის აღზრდისთვის მადლობას ვერ ვიტყვით, ფასი არ ექნება ჩვენი შვილებისთვის ნათქვამ არც ერთ სიტყვას, შეგონებას და რჩევას. როგორ მივედით იქამდე, რომ ჩვენივე სისხლს და ხორცს თანადგომას ვერ ვუცხადებთ და ხმამაღლა ვერ ვამბობთ, რომ ტრაგედია დაგვემართა. ძალიან უცხოა ეს მდგომარეობა და მიჭირს გაგება, მაშინ როცა ბიჭები იღუპებიან, ჩვენ როგორ ვერ ვარქმევთ ტრაგედიას თავის სახელს და როგორ გვიჭირს ამაზე ლაპარაკი.“
დაღუპული ქართველი მებრძოლების ამბავს ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი და ბახმუტთან მიმდინარე ბრძოლებს აღწერს.
აღსანიშნავია, რომ სამძიმარს ის ქართულ ენაზე აქვეყნებს და ამბობს, რომ ბოლო დღეებში მტრის ალყაში მოექცნენ უკრაინელი და 57-ე ბრიგადის ქართველი მეომრები.
„ბახმუტთან, ბოლო დღეებში მტრის ალყაში მოექცნენ უკრაინელი და 57-ე ბრიგადის ქართველი მეომრები. ცნობილია, დაჭრილი ქართველი მეთაურის და ხუთი დაღუპული ქართველი ჯარისკაცის შესახებ. ისინი იბრძოდნენ მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის! თავისუფლება აერთიანებს საუკეთესო ადამიანებს ავტოკრატიულ ბოროტებასთან ბრძოლაში! მე ნამდვილად თანავუგრძნობ ჩვენ ქართველ ძმებს!“, – წერს ერმაკი ტვიტერზე ქართულ ენაზე.
ბახმუტთან, ბოლო დღეებში,მტრის ალყაში მოექცნენ ჩვენი უკრაინელი და 57-ე ბრიგადის ქართველი მეომრები. ცნობილია დაჭრილი ქართველი მეთაურის და ხუთი დაღუპული ქართველი ჯარისკაცის შესახებ. ისინი იბრძოდნენ მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის!
— Andriy Yermak (@AndriyYermak) December 4, 2022