მთავარი საქართველო თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი

თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი მაყურებელს კინოთეატრ „ამირანის“ დარბაზებში კვლავ მასპინძლობს. თბილისის რიგით 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 4 დეკემბერს გაიხსნა და ერთ კვირას გაგრძელდება.
ფესტივალის პროგრამა დატვირთულია მრავალფეროვანი ახალი ქართული ფილმების პრემიერებით, საერთაშორისო ფილმების ფორუმებით, კლასიკური კინოს რეტროსპექტივებითა თუ სხვადასხვა მასტერკლასით.

„ფესტივალი მნიშვნელოვანია, როგორც საერთაშორისო პლატფორმა და საერთაშორისო ფორუმი. გარდა ამისა, ფესტივალი მნიშვნელოვანია ქართველი კინემატოგრაფებისთვის, რადგან ის ქართველ კინემატოგრაფებს საერთაშორისო ასპარეზზე ყოველთვის უხსნის გზას. უცხოეთიდან ძალიან ბევრი ხალხი ჩამოდის სპეციალურად ქართული ფილმების სანახავად. ესენი არიან როგორც პროდიუსერები, ისე დისტრიბუტორები“, – ამბობს თბილისის კინოფესტივალის გენერალური დირექტორი გაგა ჩხაიძე.

წელს ფესტივალის გახსნას ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტი აგნეშკა ჰოლანდი დაესწრო.
23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი სწორედ პოლონელი რეჟისორის ფილმის “მისტერ ჯონსის“ ჩვენებით გაიხსნა.
ფილმი ახალგაზრდა უელსელი ჟურნალისტის გარეთ ჯონსის ტრაგიკულ ისტორიას მოგვითხრობს. იგი საბჭოთა კავშირის ტოტალიტარულ სისტემას ემსხვერპლა.

გახსნის ცერემონიაზე ფილმის რეჟისორს ფესტივალის ჯილდო – „საპატიო პრომეთე“ გადაეცა.

„კრიზისმა,  მიმდინარე ომმა და გლობალურმა პანდემიამ მთლიანად შეცვალა კინოს გავრცელების გზები. სწორედ ამიტომ ასეთი ფესტივალები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ჩვენი ურთიერთობა ფილმებთან და კინოთეატრებთან. როგორც ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტი, ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ ამისთვის ახალი გზები აღმოვაჩინო. იმედი მაქვს, რომ ფესტივალი ახალგაზრდა მაყურებელს დააინტერესებს, რადგან სწორედ ეს არის ჩემი მომავალი,“ – ამბობს ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტი აგნეშკა ჰოლანდი, რომელიც საქართველოში პირველად იმყოფება.

ფესტივალს წელს დაემატა ახალი სექცია „უკრაინა: თავისუფლების ფერები“, რომლის ფარგლებშიც ოთხ სრულმეტრაჟიან უკრაინულ ფილმს აჩვენებენ. ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, აკრედიტაცია წელს პირველადაა ფასიანი. შემოსული თანხა კი კიევის კინოფესტივალს სრულად  გადაერიცხება.

„უკრაინისადმი ინტერესი  გამოწვეულია არა მხოლოდ ომით, არამედ იმითაც, რომ განსაკუთრებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში უკრაინის კინემატოგრაფია ძალიან განვითარდა. ვითარდება ინდუსტრია. ძალიან ბევრი ახალი და საინტერესო სახე გამოჩნდა, როგორც რეჟისორები, ისე პროდიუსერები და მსახიობები, რომლებიც უკვე გავიდნენ მსოფლიო ასპარეზზე. ჩვენ უკრაინიდან ოთხი შესანიშნავი სურათი გვაქვს წარმოდგენილი“, – ამბობს თბილისის კინოფესტივალის გენერალური დირექტორი გაგა ჩხაიძე.

ფესტივალი 11 დეკემბერს დასრულდება. დასკვნით ღონისძიებაზე კი ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულებს ფესტივალის მთავარი პრიზი – „ოქროს პრომეთე“ გადაეცემათ.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend