რუსული მხარე აცხადებს, რომ უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა გამართლებულია, ვინაიდან კოლექტიური დასავლეთი კიევის სამხედრო მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ასეთი რამ განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
“ჩვენ უკრაინის იმ ენერგო ინფრასტრუქტურას ვანადგურებთ, რომლის მეშვეობითაც თქვენ, დასავლეთი უკრაინას შეიარაღებას აწვდით. შეიარაღებას, რომელიც რუსების მოკვლისთვის გამოიყენება. ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო ამ ომში არიან ჩართულნი, არა პირდაპირ, არამედ კიევისათვის იარაღის მიწოდების გზით“, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
ბუქარესტში გამართული ნატოს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალზე უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.
რუსული მხარე კი უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ იერიშებს არ წყვეტს, შეტევების შედეგად უკრაინის ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება, ქალაქებში კი ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის დეფიციტია.