მთავარისაქართველოშეამოწმებს თუ არა ვენეციის კომისია ქართულ კანონპროექტს „დეოლიგარქიზაციის" შესახებ" უცნობია

შეამოწმებს თუ არა ვენეციის კომისია ქართულ კანონპროექტს „დეოლიგარქიზაციის” შესახებ” უცნობია

კანონპროექტის „დეოლიგარქიზაციის” შესახებ მრავალკვირიანი განხილვისა და არაერთი შეფასების მიუხედავად, პოლიტიკური მხარეები ახლა იმაზე დაობენ, უნდა გაიგზავნოს თუ არა დოკუმენტი ვენეციის კომისიაში. პოლიტიკური დაბნეულობა იმანაც გაამძაფრა, რომ ცნობილი გახდა უკრაინის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, კანონის საკუთარი ვერსია უკრაინამ ვენეციის კომისიიდან სავარაუდოდ უკან გაიწვია. საქართველოში, ოპოზიციურ სპექტრში მიიჩნევენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, როგორ მოიქცევა უკრაინა ამ საკითხზე. მათი თქმით, ქართულმა მხარემ  ეს კანონპროექტი ვენეციის კომისიაში ყველა შემთხვევაში უნდა გააგზავნოს.

დეოლიგარქიზაციაზე არის სხვადასხვა პოზიცია. ამბობენ, რომ უკრაინის მოუწონეს ევროპიდან ეს კანონი და ჩვენთანაც არ იქნება პრობლემაო. ამდენ ვარაუდს და საუბარს, შალვა პაპუაშვილის ადგილზე კანონპროექტს ვენეციის კომისიაში გავაგზავნიდით. აიღოს ეს დოკუმენტი გააგზავნოს. მთავარია, ევროპული კარი ღიაა და ისინი გველოდებიან. ჩვენ ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რაშიც რეფორმები იგულისხმება. ამის სანაცვლოდ რას ვხედავთ?”- განაცხადა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.

კანონპროექტის ავტორი მმართველი პარტიაა. “ქართული ოცნება“ ოლიგარქიული მართვის წინააღმდეგ მომზადებული კანონპროექტის გაგზავნას ვენეციის კომისიაში ჯერ არ ჩქარობს და პარტიაში არც იმას ამბობენ, რა იქნება მათი საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე. პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჯერ ვენეციის კომისიისგან დაელოდებიან პასუხს კითხვაზე – ნამდვილად გაიტანა თუ არა უკრაინამ უკან თავისი კანონი და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

„ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები გვესმის დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით და ბუნებრივია, რომ ჩვენ რაც ამ დროს უნდა გაგვეკეთებინა, ყველაზე გონივრული იქნებოდა ის, რაც ახლა გავაკეთეთ – მივმართეთ ოფიციალური კითხვით ვენეციის კომისიას. როდესაც ჩვენ გვექნება ამ საკითხთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია და ოფიციალური დასტური, თუ რა რეალობაა ამ კანონთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ამის შემდეგ გვექნება სამომავლო ნაბიჯები“,- განაცხადა დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი მიიჩნევს, რომ სასურველია ვენეციის კომისიამ შეამოწმოს „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის” შესახებ. თავის ერთ განცხადებაში, ელჩმა რამდენჯერმე ახსენა ამის აუცილებლობა, რადგან ვენეციის კომისია სათანადო და ნეიტრალურ რეკომენდაციებს შესთავაზებს საქართველოს, რომელიც დაცლილი იქნება პოლიტიკური ინტერესებისგან.

„ ეს არ არის მარტივი რეკომენდაცია. ჩვენ ვიცით, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ მომზადებულმა კანონპროექტმა პარლამენტში მეორე მოსმენა გაიარა. ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნოს, ვენეციის კომისიას შეუძლია საკუთარი რეკომენდაციების გამოქვეყნება და ეს რეკომენდაციები მხედველობაში იქნება მიღებული. ეს კომისარმა ვარჰეიმაც აღნიშნა, როდესაც გასულ კვირას საქართველოში იმყოფებოდა. ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ ამის დარეგულირება კანონის დამტკიცებით იქნება პროცესი წარმართული თუ სხვა გზით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს კანონპროექტი მოსაზრებისთვის გაგზავნილი იქნება ვენეციის კომისიასთან და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა ელჩმა ჰერჩინსკიმ.

ქართველ პოლიტიკოსებს იგივეს მოუწოდებს საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი. ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის დიპლომატმა საკითხის მოკლედ კომენტირებისას ხაზი გაუსვა პროცესის აქტუალურობას.

„მივიჩნევ, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი ვენეციის კომისიას უნდა გადაეგზავნოს, რადგან როგორც შედეგია მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია პროცესიც. ამიტომ კარგი იქნება, თუ ვენეციის კომისია გადახედავს“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა.

კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე მიიღო. ჯერ უცნობია, მისი საბოლოოდ მიღების თარიღი. სავარაუდოდ, წლის ბოლომდე უნდა მოხდეს მესამე მოსმენით კენჭისყრა. ოპოზიციას არ სურს უკრაინული კანონის ზუსტი მოდელით მიღება. ამბობენ, რომ ეს კანონი უკრაინის რეალობის შესაბამისია და ამ ფორმით ქართულს არ ერგება. „ქართული ოცნება“ კი ოპოზიციასთან დაკავშირებულ პირებში ხედავს ოლიგარქებს და ამით ხსნის ოპონენტებისგან წამოსულ კრიტიკას. პარლამენტში განხილვები მომავალი კვირიდან გაგრძელდება.

ალეკო გვეტაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend