მთავარიმსოფლიოUNITED NATIONSდაპირისპირება გაეროში: კრემლს უკრაინულ ქალაქებზე თავდასხმის შეწყვეტისკენ მოუწოდეს

დაპირისპირება გაეროში: კრემლს უკრაინულ ქალაქებზე თავდასხმის შეწყვეტისკენ მოუწოდეს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა კრემლს  უკრაინულ ქალაქებზე თავდასხმის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. მოსკოვის მიერ ირანული წარმოების სამხედრო დრონებითა და რუსული რაკეტებით უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშების შედეგად ბევრ უკრაინულ დასახლებას არც ელექტროენერგია და არც ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს სიტყვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმაც.

“უკრაინელი ერი დაუმარცხებელია, მე მოგმართავთ და ველი თქვენს პასუხს. გაეცით პასუხი რუსულ ტერორიზმს. გაეროს უშიშროების საბჭოში ერთი ადგილი კვლავ ოკუპირებულია მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ რუსული ტყუილების მოსმენით ყველა დაიღალა. სინამდვილეში რუსეთის ადგილი უშიშროების საბჭოში ცარიელია, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ აღიარა და წევრ სახელმწიფოებს შესაბამისი სამართლებრივი ზომების მიღებისკენ მოუწოდა“, – განაცხადა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა, ლინდა თომას გრინფილდმა კი ვლადიმერ პუტინი ენერგორესურსების იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა.

“ნათელია, რომ ვლადიმერ პუტინის მიზანია უკრაინული ენერგო ინფრასტრუქტურა გაანადგუროს. პუტინის მოტივი ნათელია, მას სურს, რომ ზამთარში უკრაინელი ერი დაიტანჯოს, რადგან ის იარაღით ვერ იმარჯვებს. მას სურს, უკრაინა სხვა გზებით დაიმორჩილოს“, – აცხადებს გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენელი ლინდა თომას გრინფილდი.

გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ კი ვაშინგტონი კიევის საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა.

“ბატონი ზელენსკისა და მისი თანამოაზრეების მიერ გაკეთებული განცხადებების გათვალისწინებით ნათელია, რომ კიევს მშვიდობის დამყარება არ სურს, მათი მხრიდან მხოლოდ გაუგონარი ბრალდებები და ულტიმატუმები ისმის. მათი მიზანია, რომ ეს ომი ბოლო უკრაინელ სამხედროს განადგურებამდე გაგრძელდეს, მათმა სამხედრო ინდუსტრიულმა კომპლექსმა კი დიდი სარგებელი ნახოს“, – მიიჩნევს გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენელი. ვასილი ნებენზია.

რუსული საჰაერო იერიშების შედეგად, უკრაინის დედაქალაქის 70 პროცენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend