შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, პერიოდულად იცვლება. ამჯერად, მთავრობის დადგენილებით 2023 წლის პირველი იანვრიდან ტექნიკურ რეგლამენტში უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ორი ცვლილება შევა ძალაში. ამასთან დაკავშირებით, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.
კერძოდ, მტკიცდება „სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალურ მოთხოვნები“. ამ ცვლილებით, დამსაქმებელი ვალდებული იქნება, ექსპლუატაციაში მიღებულ შენობა-ნაგებობებში განთავსებულ სამუშაო სივრცეში განათავსოს შემდეგი ნიშნები:
ამკრძალავი, გამაფრთხილებელი, სავალდებულო, საევაკუაციო, საინფორმაციო, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და შშმ პირთა გამაფრთხილებელი ნიშნები. შრომის ინსპექციის სამსახურში ამბობენ, რომ ნორმების აღსრულების შესახებ მონიტორინგი მკაცრად განხორციელდება.
“ეს ცვლილება ძირითადად ეხება სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების მინიმალური მიმანიშნებლების განთავსების აუცილებლობას. როგორც საერთო, ისე ინდივიდუალური დაცვისა და უსაფრთხოების ნიშნები მაქვს მხედველობაში, რაც არის საერთაშორისო სტანდარტი. ამის გარდა, 2023 წლისთვის ჩვენი სამსახური დამატებით გეგმავს გარკვეული ცვლილებების განხორციელებას ტექნიკურ რეგლამენტში, რომლებიც ასევე მიმართული იქნება მეტად უსაფრთხო და დაცული სამუშაო გარემოს მისაღწევად. ეს ყველაფერი საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი, რათა მაქსიმალურად დავახლოვდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთან. შრომის ინსპექცია უფლებამოსილია დღეღამის ნებისმიერ მონაკვეთში, გაუფრთხილებლად, აწარმოოს ობიექტების მონიტორინგი, რასაც ვაკეთებთ და ეს ცვლილებაც მკაცრ მონიტორინგს დაექვემდებარება“, – განაცხადა შრომის მთავარმა ინსპექტორმა ბექა ფერაძემ.
ბიზნესის წარმომადგენლებისათვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე, ასოციაციების, ფედერაციებისა და სავაჭრო-სამრეწველო პალატების წარმომადგენლებმა, დეტალური ინფორმაცია მიიღეს დაგეგმილი ცვლილებების შესახებ. მათი უმეტესობა აღნიშნავს, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება, ბიზნესისთვის დამატებითი, თუმცა, აუცილებელი ხარჯია. ასევე ამბობენ, რომ ამ ცვლილებების დანერგვა საქმიანობის სფეროს შესაბამისად უნდა მოხდეს და ბანკსა და სამშენებლო სექტორს, ერთნაირი ვალდებულებები არ უნდა დაეკისროს.
„მთელი ამ დროის განმავლობაში, რაც შრომის ინსპექცია არსებობს, იყო გარკვეული ცვლილებები, რომლებიც მძიმე ტვირთად დააწვა ბიზნესს. რადგან, ამ სიახლეების დანერგვისთვის საჭირო იყო ფინანსური ხარჯი. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ საერთაშორისო სტანდარტებსა და შრომის უსაფრთხოებაზე, ეს იყო აუცილებელი. მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაო ობიექტებზე, აუცილებელია მაქსიმალური ღონისძიებების გატარება, რათა დასაქმებულის უსაფრთხოება იყოს დაცული. ამიტომ დიახ, ეს ტვირთი გამართლებულია. თუმცა, ჩვენ ვსაუბრობთ და მომავალშიც ვისაუბრებთ, რომ მოთხოვნები სხვადასხვა ბიზნესისთვის უნდა იყოს შესაბამისი. მაგალითად, სამთო მოპოვებით წარმოებას და ოფისის პირობებში მოქმედ ბიზნესს, ერთი და იგივე წესების დაცვა არ უნდა მოეთხოვებოდეს“, – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) იურიდიულმა დირექტორმა ნიკა ნანუაშვილმა.
სამშენებლო ობიექტებზე მომხდარი არაერთი ფატალური შემთხვევის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ შრომის ისნპექციის სამსახური შექმნა და მძიმე სამუშაოებზე დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოების დაცვის ნორმები გაამკაცრა. ახალი რეგულაციებით, ცვლილების ავტორთა განცხადებით, ევროკავშირის კანონმდებლობასთან კიდევ უფრო დაახლოება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება ხდება.
ალეკო გვეტაძე