ინდონეზიაში დიდი ოცეულის სამიტის შემაჯამებელ განცხადებაში წერია, რომ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა უკრაინაში რუსულ ინტერვენციას გმობს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საკითხთან დაკავშირებით რიგ სახელმწიფოებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ.
ინდონეზიიდან გამგზავრებამდე რამდენიმე ქვეყნის ლიდერმა შეხვედრები გამართა და უკრაინაში მიმდინარე ომთან და ომის შედეგად მიღებულ გლობალურ ეკონომიკურ ზარალთან დაკავშირებით ისაუბრა.
გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერებმა არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ვლადიმერ პუტინს დააკისრეს.
„ჩვენს უსაფრთხოებასთან და ეკონომიკასთან დაკავშირებული გამოწვევები ერთი ადამიანის ქმედების ბრალია, იმ ადამიანის, რომელიც ამ სამიტს არ დაესწრო, ვლადიმერ პუტინის. მსოფლიოში არ არის ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავზე არ იწვნია უკრაინაში მიმდინარე ომი. ვლადიმერ პუტინის მიერ დაწყებული ომის ეკონომიკურ შედეგებს მრავალი წლის განმავლობაში მოვიმკით“, – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ – მინისტრმა რიში სუნაკმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კი პოლონეთს დახმარება აღუთქვა.
„პოლონეთს სრულ მხარდაჭერას და დახმარებას აღმოვუჩენთ, აუცილებელია გამოძიების ჩატარება და პარტნიორებთან მომავალ ნაბიჯებთან დაკავშირებით შეთანხმება. უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება“, – თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
სამიტის დასრულებისას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა შემაჯამებელი განცხადება შეაფასა, როგორც უკრაინის დასავლელი პარტნიორების პოლიტიკური გემოვნებით ნაკარნახევი დოკუმენტი.